ახალისებთ ძალადობას – საქართველო საფრანგეთსაც ბრალდებებს უყენებს

“ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას” – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.
საგარეო უწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას “არაობიექტურს” უწოდებს და ძალადობის წახალისებად აფასებს.
გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ. მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ. არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება,” – წერის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტრომ საქართველოში დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობა გუშინ დაგმო. სამინისტრო წერდა, რომ საქართველომ მოსახლეობის სურვილის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და ევროკავშირთან დასაახლოებლად ძალისხმევა უნდა გააგრძელოს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს