“ახალგაზრდა ბიჭის თვალწინ დაიხრჩო ქალი – ჩემ სანაცნობოში ყველას კორონავირუსი დაუდასტურდა” – რომან გოცირიძე

მოედო საშინლად ქვეყანას კორონავირუსი. პარალელურად გრიპიცაა გავრცელებული. ვინც ავად ხდება, ფიქრობს, რომ გრიპი აქვს და არც იკეთებს ტესტს. სინამდვილეში უმეტესობა კორონავირუსია. ვინც გაიკეთა ჩემს სანაცნობო-საახლობლოში ტესტი, ყველას კორონავირუსი დაუდასტურდა. მეც გადავიტანე “გრიპი”. სამსხურში გამოსვლის წინ დავიტესტე მერვე დღეს, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ტესტმა არ აჩვენა. დრო იყო გასული.
მთავრობა იქცევა უნამუსოდ და უპასუხისმგებლოდ, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანების წინაშე. არც სიფრთხილისკენ მოწოდება, არც თუნდაც პირბადის ტარების რჩევა. რა ხდება მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში, ყველამ კარგად იცის. სტატისტიკას არავინ აქვეყნებს და როცა გამოქვეყნდება იქნება ყალბი. იქ კორონავირუსი და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა უმნიშვნელო რაოდენობით დაფიქსირდება. ახლახან ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის სპეციალისტს ბებია გარდაეცვალა კორონავირუსით, სტატისტიკაში კი სულ სხვა რამე იქნება აღნიშნული. დაინფიცირდა კორონავირუსით. ასე თუ ისე მსუბუქად გადაიტანა, მერე დაეწყო გართულებები და ორიოდე დღით მოათავსეს კლინიკაში. ვირუსი ვერ დაუდგინდა, რადგან დრო იყო გასული. გამოწერეს ორ დღეში. ორიოდე დღეში სასწრაფომ ისევ გადაიყვანა კლინიკაში და ასე მოხდა სამჯერ. მესამე ჯერზე სასწრაფომ ვერ მიუსწრო, ახალგაზრდა ბიჭის თვალწინ დაიხრჩო ქალი. არ მინდა იმის მტკიცება, რომ ასეთი შედეგი იმიტომ დადგა, რომ კორონავირუსის პროტოკოლით არ უმკურნალეს. მეორეს მხრივ, ერთ კვირაში სამჯერ გამოწერა და მიბრუნება რაღა იყო, როცა ადამიანი ფაქტობრივად ვერ სუნთქავდა.
“ჩვენთან კორონა არ არის” ღარიბაშვილის მთავრობის ანტივაქსერული დანაშაულებრივი პოლიტიკის ლოზუნგი იყო. 17 500 ადამიანი იმსხვერპლა ამ ვირუსმა საქართველოში, რაც ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგია მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაცაა.