ბაჩო ახალაიასთან და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ფედერალისტების ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.
ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ ის ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით განცხადება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა.
მისი თქმით, ზუსტად იცის, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის ავანტიურაში აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ მოწმედ ვერ გამოდგება.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი.
“დაკითხვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა და დასრულდა როგორც მოსალოდნელი იყო. ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი – მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები. ზუსტად ვიცი, რიმ მზია ამაღლობელის მოსამართლემ გადაწყვეტილება რეჟიმის დაკვეთით მიიღო – მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები. ზუსტად ვიცი რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის ავანტიურაში აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები”, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
გარდა ამისა, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა:
“მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ვიცი ზუსტად და ეს იყო ძალიან კარგი სანახაობა”.
ჩერგოლეიშვილმა ფორმულას ეთერში 4 ოქტომბერზე საუბრისას განაცხადა – “მე მაქვს ინფორმაცია, რომ ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მხრიდანაც კი. ანუ, ნაცმოძრაობაში პრობლემა, დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით”.
