ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, არხის ცნობით, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრი პაატა ბურჭულაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია საუბრობენ. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არაა – მის ნამდვილობას არც „იმედი“ ამტკიცებს.
ჩანაწერის მიხედვით, ახალაია და ბურჭულაძე განიხილავენ 4 ოქტომბრის აქციის განვითარების სცენარს, საუბრობდნენ „თავ-პირის მტვრევის“, ასევე „სისხლის“ აუცილებლობასა და წარუმატებლობის საფასურზე.
„ეს თუ გადააგორეს, ქოცები მოგვ**ნავენ დედის **აკს. მერე გადაგვაჯდებიან ბოლომდე“, – ისმის აუდიოჩანაწერში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ ჩანაწერის შინაარსით გამოძიება უნდა დაინტერესდეს:
„ვნახოთ, როგორ გაგრძელდება გამოძიება, მაგრამ შინაარსი რომ არავის უკვირს, ეს არის მრავლისმეტყველი“, – თქვა მან
კიდევ ერთი პროსახელისუფლებო არხი, „რუსთავი 2“ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზების ნაწილში ბაჩო ახალაიას სახელსა და გვარს რამდენიმე დღით ადრე ახსენებდა – 29 სექტემბერს ტელეარხი ამტკიცებდა, რომ „ახალიას ბინაში შეკრება 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვას უკავშირდებოდა“.
ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ ეს „ვითომ ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი“ ფალსიფიცირებულია, „ეს არ არის ბაჩოს ხმა“ – თქვა მან.
ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს „მითების დეტექტორის“ მომზადებულ მასალასაც – „მედიის განვითარების ფონდმა“ გამოაქვეყნა „იმედის“ გავრცელებული ჩანაწერის ანალიზი. ამბების გადამოწმების პლატფორმა წერს, რომ ჩანაწერი შეისწავლა ინტელექტით გენერირებული აუდიოს ამომცნობი ორი ხელსაწყოთი და ასეთი შედეგი მიიღო:
· Hiya-ს თანახმად, აუდიო მასალა 75%-ით AI გენერირებულია;
· Deepfake-O-Meter-ის 4 მაჩვენებლის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის კვალი აუდიოში 84%-დან 100%-მდეა.
ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში პოლიციამ დააკავა 4 ოქტომბრის აქციის ხუთივე ორგანიზატორი. მათ შორის ერთ-ერთი პაატა ბურჭულაძე. მათ ბრალი ედებათ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს ბრიფინგზე არ უხსენებია ბაჩო ახალაია.
ფორუმი
