აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი? – აუდირის შეფასება

· 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით, რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსულობებმა 548,024.3 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის − 63.3%, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის 88.1%-ია. წლიურ გეგმასთან მიმართებით, ამ პერიოდში მიღებული საშემოსავლო გადასახადის მობილიზების პროცენტული მაჩვენებელი 3.0 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო სხვა შემოსავლების – 11.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესრულების მაჩვენებელზე. სხვა შემოსავლების კუთხით საყურადღებოა „პროცენტების“ კომპონენტი, რომლის შესრულების მაჩვენებელი წლიური გეგმის 26.9%-ია.
· რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმიდან მნიშვნელოვანი ჩამორჩენით გამოირჩევა არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსულობები. 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით, ამ კომპონენტში მობილიზებულია 4,500.2 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 2.5%-ია, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის − 3.6%. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს „არაფინანსური აქტივების კლების“ ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საპროგნოზო მაჩვენებელი არ შესრულდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „არაფინანსური აქტივების კლების“ საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს საპრივატიზებო რესურსების სათანადო შეფასებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე.
· 2025 წლის 9 თვის ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის − 58.3%-ს, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის 79.6%-ს (529,507.2 ათას ლარს) შეადგენს. შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების აღნიშნული ტენდენციის პირობებში, 2025 წლის 9 თვის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაშთი 18,517.1 ათასი ლარით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 61,755.0 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც საბიუჯეტო დაწესებულებების, ასევე მაკოორდინებელი უწყების მხრიდან ფისკალური წლის დარჩენილ პერიოდში ყურადღება მიექცეს გამოყოფილი რესურსის დროულ ათვისებას, რათა არ მოხდეს საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილის წლის ბოლო თვეში დახარჯვა, ასევე გადასახდელების გეგმის შეუსრულებლობის გამო ნაშთის მოცულობის გაზრდა.
· საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში საყურადღებოა ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც გამოიხატება დაბალი ათვისების მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების არსებობით. 2025 წლის 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 60%-ზე დაბალი ათვისება აქვს 12 პროგრამას და 22 ქვეპროგრამას. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების შეფერხებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით, მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება მიექცეს პროექტების მართვის პროცესში პოტენციური შემაფერხებელი ფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას და მათ გათვალისწინებას.