აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშით წარსდგა.
მინისტრის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, 2023 წლის შემოსულობების გეგმა – 100,1 %-ით, შემოსავლების გეგმა – 100,8 %-ით შესრულდა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გეგმის მაჩვენებელმა – 100,6 % შეადგინა. გადაჭარბებით – 104,5 %-ით შესრულდა სხვა შემოსავლების გეგმა, არაფინანსური აქტივების კლების გეგმის მაჩვენებელმა კი – 92,0 % შეადგინა. ბიუჯეტი 81 %-ით შეასრულა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, 94 %-იანი შესრულება აქვს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 99 %-ია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მაჩვენებელი, ხოლო 98 %-ით შესრულდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი.
სხდომაზე, 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით თანამოხსენებებით წარსდგნენ – აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახაბერ კირტავა და უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარინე გვიანიძე.
კითხვა-პასუხისა და გამოსვლების დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი ანგარიში კანონმდებლებმა ერთხმად დაამტკიცეს.
„სხდომაზე, გამარტივებული წესით განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების – დავით გაბაიძისა და ლადო მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული რეგლამენტის პროექტი. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილების მიზანია რეგლამენტის ცალკეული ნორმების დახვეწა, საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასთან და პარლამენტის რეგლამენტთან ჰარმონიზაცია. ამავე პროექტის თანახმად, წესდება ახალი ჯილდოები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს მათი ნამსახურობის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების პატივისცემის აღსანიშნავად.
რეგლამენტის პროექტი კანონმდებლებმა ერთხმად მიიღეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე, ასევე გამარტივებული წესით განიხილეს და მიიღეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი. საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ – ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა – ცვლილების თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტს აღარ ექნება ვალდებულება, კანონპროექტს დაურთოს იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) ცვლილება შედის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა