კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა – კამპანიის მთავარი პრიზების გამარჯვებულები ბათუმში დაჯილდოვდნენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველი ადგილი ქუთაისელმა ქუჩის ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა მოიპოვა.
„ორი თვის განმავლობაში მის მიერ აჭარაში მოგზაურობაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 32, 722, 801 წვდომა (reach) შეადგინა. მეორე ადგილი ინფლუენსერმა სალი წვერავამ დაიკავა. მესამე ადგილზე ტიკტოკ ინფლუენსერი ნათია კახიძე გავიდა. გამარჯვება ასევე მოიპოვეს მოგზაურ-ინფლუენსერებმა ტიტე მიქაძემ, ზურა გელაშვილმა და ფუდბლოგერმა ანა მითაიშვილმა.
ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში” წელს პირველად განახორციელა. კამპანია 15 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. კამპანიაში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს. კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას ინფლუენსერები, მოგზაურები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.