აჭარის საზმაუსთან აქცია მიმდინარეობდა, შეკრებილები პირდაპირ ეთერს ითხოვდნენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით აქცია გაიმართა.
თავდაპირველად ბათუმელების რედაქტორმა ეთერ თურაძემ თქვა, რომ აჭარის ტელევიზიაში სტუმრად მიიწვიეს, თუმცა შემდეგ პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
“მე მთელი საინფორმაციო გამოშვების განმავლობაში ვიყავი აქ, მე თქვენთვის ხელი არ შემიშლია. შემოვიდა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები, ვისაუბრეთ, მითხრეს, რომ გაარკვევდნენ ადმინისტრაციასთან და მე საინფორმაციო გამოშვების განმავლობაში ველოდებოდი გადაწყვეტილებას ეთერის შესახებ, ისე, რომ თქვენთვის ხელი არ შემიშლია.
შემდეგ მორჩა საინფორმაციო გამოშვება, სიგნალი გაითიშა და მე ისევ მითხრეს, რომ ელოდებოდნენ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ამასობაში, შემოხვედით თქვენ, დასხედით სტუდიაში, შემოიტანეს სკამები და ა.შ. და მე მივხვდი, რომ ისევ ეთერში ვბრუნდებოდით, ამასობაში, შემოცვივდნენ პოლიციელები და ძალის გამოყენებით 4-მა პოლიციელმა გამიყვანა სტუდიიდან. […]
მე ვუთხარი, რომ არ აქვთ უფლებამოსილება, ჩართული სტუდიიდან გამიყვანონ, იმიტომ რომ ეს არის ტელევიზიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და მათ არ ჰქონდათ საინფორმაციო წარმოებაში ჩარევის უფლება, ამის მიუხედავად, პოლიციელებმა მაინც გამიყვანეს ძალით, ნიღბიანებიც კი აპირებდნენ ჩემთვის ხელის მოკიდებას და გაძევებას. ერთ რამეს ვთხოვდი მათ, რომ ტელევიზიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეთქვათ ჩემთვის, რომ დამეტოვებინა შენობა, პოლიციელებიც იცდიდნენ. მე ვუთხარი, რომ ეს არის ტელევიზია, ეს არ არის -ს დანაყოფი, რომ მათ გათიშონ ეთერი და გაიყვანონ ადამიანი ან შეიყვანონ, წავიდნენ პოლიციელები, არ ვიცი, ვის ესაუბრნენ და მოვიდნენ, მითხრეს, რომ არა, მე უნდა დავტოვო შენობა. ეს იყო ჟესტი ჩემთვის იმის, რომ ეს ტელევიზია არის შსს-ს დანაყოფი”, – თქვა მან.
ეთერ თურაძის განცხადების შემდეგ, ჟურნალისტებმა და ადგილზე შეკრებილმა აქტივისტებმა პირდაპირი ეთერი მოითხოვეს და ამ პროტესტის შემდეგ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერ თურაძე, ნეტგაზეთის რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და პუბლიკას რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი პირდაპირ ეთერში ჩართეს.
პირდაპირ ეთერში ჩართვისას ჟურნალისტებმა გაშალეს ბანერი – “თავისუფლება მზიას”.