აჭარის „ოცნების” მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ბათუმში ბავშვები მშენებლობის ადგილას არ დაღუპულან.
აჭარის „ოცნების” ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის თქმით, თხრილი, სადაც ბავშვები ჩაცვივდნენ, „არ არის საშემენებლო ტერიტორია – ეს სამშენებლო სამუშაოების მოსამზადებელი ტერიტორიაა”.
მან ჟურნალისტებიც დაადანაშაულა „აჟიტირების შემოტანაში” და „ყველას დამშვიდებისკენ მოუწოდა”.
„იცით, რომ იყო გამვლენილი გამარჯვებული კომპანია მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. არის მცდელობა, განსაკუთრებით პრესის წარმომადგენლების მხრიდან, სხვადასხვა რაღაც შეიტანონ… მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება არის ჩართული. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის სკეპულაციები ამ საკითხზე უნდა დასრულდეს. […] ახლა მნიშვნელოვანია, რომ დავმშვიდდეთ ყველა”. – თქვა ჯაბა ფუტკარაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ პასუხისმგებლობა მოქალაქეებს დააკისრა. მისი კომენტარი სამთავრობო „ტვ იმედმა” გაავრცელა.
მისი თქმით, შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც კუსტარულად ჰქონდა გაკეთებული თხრილი, ხოლო სახლის დემონტაჟის შემდეგ „ეტყობა უყურადღებოდ დატოვა“.
„სამწუხარო ტრაგედია დატრიალდა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. შემზარავი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის, სალაპარაკოდაც მძიმეა, მაგრამ ეს არ არის სამშენებლო არეალი. აქ ცხოვრობდა პიროვნება, სადაც ეს ტრაგედია მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა. გვერდით იყო საცხოვრებელი სახლი, რომელმაც ბინა მიიღო და შესაბამისად, გადავიდა. ჰქონდა კუსტარულად გაკეთებული თხრილი, სადაც ფეკალური მასა ჩაედინებოდა და შემდეგ რომ მოხდა ამ სახლის დემონტაჟი, ეტყობა უყურადღებოდ დატოვა“. – თქვა რამაზ ჯინჭარაძემ.
„აჭარის ტელევიზიას” ტელეფონით ჩაერთო სამშენებლო კომპანია „ანაგის” წარმომადგენელი, დავით ანდღულაძე.
მისი თქმით, ის ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთაა.
„ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს მაგ ადგილთან. არც სამუშაოები გვიწარმოებია და სამშენებლო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არის. არანაირი სამუშაო მანდ არ შესრულებულა. მოშორებით, სხვაგან მდებარეობს”. – თქვა დავით ანდღულაძემ.
„ოცნების ქალაქი” უბანია ბათუმში, სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ცხოვრობენ. 2000-მდე ოჯახი წლების განმავლობაში ითხოვდა ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს.
2020 წლიდან „ქართულმა ოცნებამ” ადგილზე მშენებლობები დაიწყო.
2025 წლის 8 თებერვალს კი „ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იწყება „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი. მან მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში „ოცნების” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
„რადიო თავისუფლების” მოკვლევის თანახმად, ამ დღისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიქირავა კომპანია „არტ ბიურო“, რომელმაც მოაწყო სცენა და სივრცე მიწვეული სტუმრებისთვის. ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა. მშენებლობის დაწყებისთვის საძირკველში სიმბოლურად ჩადებულ კაფსულაზე 1770-ლარი დაიხარჯა.
ბავშვების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას „ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა აღშფოთება და უკმაყოფილება მოჰყვა.
„აჭარა თაიმსის” პირდაპირი ჩართვის დროს მოქალაქეები ამბობდნენ, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ.
მათივე თქმით, მოითხოვეს თხრილის შემოღობვა, თუმცა, უშედეგოდ.
ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ორმო ირაკლი კობახიძის ჩამოსვლისთვის შემოღობეს, შემდეგ კი ღობე ისევ მოხსნეს.
ამასთან, მისივე განცხადებით, ღობის მოთხოვნისა და გაპროტესტების გამო დააკავეს, 13 თებერვალს კი სასამართლო პროცესიც ჰქონდა, სადაც ჯარიმა დააკისრეს.
მან კადრებიც აჩვენა, სადაც თხრილი ჩანს და თქვა, რომ ამბობდა, რომ „უბედურება მოხდებოდა”.
„[კობახიძის] პირველ ჩამოსვლაზე სახლში მეცნენ და დამიჭირეს. ორივე ჩამოსვლაზე დამიჭირეს რომ სიმართლე არ მეთქვა. მე მივიღე ბინა, მაგრამ ამისმა შვილმა რა ქნას. შენო ინტრიგანი ხარო. ინტრიგანი ვარ?”. – თქვა „ოცნების ქალაქის” მცხოვრებმა.
შემთხვევის ადგილზე მოვიდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი თავდგირიძე. მან უარყო, რომ ადგილზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. მან ასევე თქვა, რომ ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, არ არის სამშენებლო ტერიტორია.
თავდგირიძის „ოცნების ქალაქში” მისვლის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ „აჭარა თაიმსის” და „ბათუმელების” ჟურნალისტების, სულხან მესხიძის და ჯაბა ანანიძის მიმართ. ერთ-ერთმა მათგანმა ჯაბა ანანიძეს ხელშიც ჩაარტყა.
ისინი ასევე ამბობდნენ, რომ „არ არის საჭირო ტელევიზიები” და რომ „არავინ არ ჩავარდნილა სამშენებლო თხრილში”.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ოჯახმა ბავშვების პროზექტურაში გადასვენებაზე უარი თქვა. დაღუპულების ცხედრები ოჯახებში მიიყვანეს.
აჭარის ტელევიზიის ცნობით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო,