მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თევზჭერის ლიცენზიას ხუთი კომპანია ფლობს: ,,ზღვის პროდუქტები“; ,,პალიასტომი 2004“;,,გეოფიშ კომპანი“;,,აისბერგი 2“; ,,მბმ“.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან “კომერსანტს” აცნობეს, ლიცენზიის გაცემისას არც ერთ ქართულ კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი თევზსაჭერი გემი და თევზჭერა იჯარით შემოყვანილი გემების მეშვეობით ხორციელდებოდა. ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად, დაიწყო მუშაობა ქართული თევზსაჭერი ფლოტის შექმნაზე, რის შედეგადაც, ლიცენზიის მფლობელმა კომპანიებმა 5 გემი შეიძინეს.
“სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის შედეგად, ქართული თევზსაჭერი ფლოტი 9 გემით გაიზარდა. პროგრამამ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თევზსაჭერი გემების შეძენის შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მეთევზეებსაც, რაც ხელს უწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ქართული გემების ეკიპაჟი გადამზადებული ქართველი მეთევზე მეზღვაურებით დაკომპლექტდება,” – აცნობეს “კომერსანტს” მთავრობის ადმინისტრაციიდან.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 38 მილიონ ლარს აჭარბებს. დასაქმდა დამატებით 161 ადამიანი. ახალი გემების შეძენა ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თევზის რესურსის სრულად ათვისების და ქვეყანაში საექსპორტო თევზის პროდუქტის სისტემატიზებული წარმოების საშუალებას აძლევს.