აშშ-მ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დატოვების შესახებ. გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპის ინიციატივით იქნა მიღებული, ოფიციალურად განიხილება, როგორც პროტესტი ორგანიზაციის მიმართ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ორგანიზაციას „ანტიამერიკულ და ანტი ისრაელურ დღის წესრიგში“ ადანაშაულებს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ UNESCO-ში გატარებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს. თეთრი სახლის განმარტებით, ორგანიზაცია ბოლო წლებში პროვოკაციული საკითხებით აქტიურად იყო დაკავებული. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა რასობრივ, გენდერულ და ანტიდისკრიმინაციულ ინიციატივებზე, რაც ტრამპის გარემოცვის შეფასებით, „გაღვიძებული“ დღის წესრიგის ნაწილია.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აშშ UNESCO-ს ტოვებს, არის ისრაელთან დაკავშირებული პოლიტიკა. ტრამპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია მიკერძოებულად ეპყრობა ისრაელს და უგულებელყოფს ჰამასის ქმედებებს, მაშინ როდესაც გმობს ისრაელის გადაწყვეტილებებს, მათ შორის წმინდა ადგილებთან დაკავშირებულ საკითხებში.
მიზეზებს შორის არის ჩინეთის მზარდ გავლენაზე. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებს ორგანიზაციაში და მის ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი შემომწირველია. ტრამპის შეფასებით, ეს ქმნის საფრთხეს დასავლური ღირებულებებისთვის და ხელს უწყობს პეკინის ინტერესების გაფართოებას გლობალურ დონეზე.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ UNESCO-ს ტოვებს. 2017 წელს ტრამპის პირველი ვადით მმართველობის პერიოდში აშშ უკვე გამოვიდა ორგანიზაციიდან ანალოგიური არგუმენტებით. 2023 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანა ორგანიზაციაში დააბრუნა, ჩინეთის გავლენის გაწონასწორების მიზნით.
ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მკვეთრად კონსერვატიულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ-ის როლის გადახედვისკენ. მიმდინარე ვითარება UNESCO-სთვის სერიოზული სიგნალია: მის შიგნით მიმდინარე პროცესები და გავლენების ბალანსი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.
ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნება თავად UNESCO-ს და რამდენად აისახება ეს გადაწყვეტილება გლობალურ კულტურულ და საგანმანათლებლო პოლიტიკაზე.
