ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 დღით გადადო კანადისა და მექსიკისთვის ახალი საბაჟო გადასახადების ამოქმედება. კანადამ და მექსიკამ საპასუხო ზომების მიღება შეაჩერეს.
3 თებერვალს მიღებულ ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებები კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტთან, რომლებმაც დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ საზღვრების დაცვა.
დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელს უწესებს 25%-იან საბაჟო გადასახადს და 10%-იან ტარიფს კანადურ ენერგომატარებლებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა მიზეზებად დაასახელა შეერთებული შტატების საზღვრების დაცვისა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.
ახალი საბაჟო ტარიფები 4 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო.
3 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკისთვის ახალი საბაჟო გადასახადის ამოქმედება 30 დღით გადადო, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი დაჰპირდა საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად ეროვნული გვარდიის 10 000 სამხედროს გაგზავნას.
3 თებერვალს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შორის სატელეფონო საუბარი ორჯერ შედგა. დღის ბოლოს ტრუდომ გამოაცხადა, რომ ერთმანეთისთვის ახალი საბაჟო გადასახადების ამოქმედება 30 დღით შეჩერდა.
კანადის პრემიერის თანახმად, რეალიზებული იქნება საზღვრის დაცვის გეგმა, რომლის ღირებულება 1,3 მილიარდი დოლარია. ტრუდოს განცხადებით, 10 000-მდე ადამიანი მუშაობს და კვლავაც იმუშავებს საზღვრების დასაცავად და ამასთან, კანადა იღებს დამატებით ვალდებულებას ნარკოტიკული საშუალების, სინთეტიკური ოპიოიდის – ფენტალინის კონტრაბანდასა და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პირველი შედეგებით ძალიან კმაყოფილია, ამიტომ 1 თებერვალს გამოცხადებული ტარიფების ამოქმედება 30 დღით შეჩერდება და ამ პერიოდის განმავლობაში დააკვირდებიან რამდენად მოხერხდება კანადასთან საბოლოო შეთანხმება.
მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეებზე დაყრდნობით წერენ, რომ დონალდ ტრამპი აპირებს საუბარს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთანაც.
1 თებერვალს ტრამპმა გამოაცხადა, რომ 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდება ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზეც. პასუხად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, ამიტომ აშშ-ს ამ ორგანიზაციაში უჩივლებენ და კონტრზომებსაც მიმართავენ.