აშშ-ში მთავრობის „შათდაუნი“ დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამთავრობო სამსახურებმა დროებით მუშაობა შეაჩერეს.
„შათდაუნის“ მიზეზი რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე შეუთანხმებლობა გახდა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას სენატში, ანუ კონგრესის ზედა პალატაში, არ აქვს ის 60 ხმა, რაც საჭიროა დაფინანსების შესახებ კანონპროექტის მისაღებად და ვერც დემოკრატებთან შეთანხმება შეძლეს.
შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯანდაცვის პოლიტიკაა. კერძოდ, დემოკრატები უარს ამბობენ რესპუბლიკელების კანონპროექტის მხარდაჭერაზე და აცხადებენ, რომ ეს ამერიკელებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას გაართულებს.
დემოკრატები ასევე მოითხოვენ საგადასახადო კრედიტების გახანგრძლივებას, რაც მილიონობით ამერიკელისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას გააიაფებს და ტრამპის მიერ Medicaid-ის შემცირებების გაუქმებას.
დემოკრატები ასევე ეწინააღმდეგებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრებისა (CDC) და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) ხარჯების შემცირებას.
აშშ-ში მთავრობის „შათდაუნის“ გამოცხადების გამო განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის საელჩომაც. საელჩო Facebook გვერდზე წერს, რომ ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში შესაძლებლობის ფარგლებში გაგრძელდება.
„ასიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გამონაკლისია ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ.
ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენი სერვისებისა და სამუშაო სტატუსის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: travel.state.gov“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
ბოლო 50 წლის განმავლობაში აშშ-ში „შათდაუნი“ საკმაოდ გავრცელებული შემთხვევაა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში სამი ასეთი შემთხვევა იყო, მათ შორის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი – 36 დღე, რომელიც 2019 წლის იანვარში დასრულდა. მაშინ ეს მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებული უთანხმოების შედეგი იყო.
