აშშ-ში ღვინის იმპორტიორ 25 წამყვან ქვეყანას შორის საქართველო მე-17 ადგილზეა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) ანგარიშში წერია, რაც მის facebook-გვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, 2024 წელს ღირებულების თვალსაზრისით აშშ-ში საქართველოდან 7.8 მლნ დოლარის ღვინო შევიდა, რაც ბოლო თერთმეტწლიანი პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მანამდე მაქსიმუმი მხოლოდ 2022 წელს დაფიქსირდა, როცა იმპორტმა 5.6 მლნ დოლარი შეადგინა.
მხოლოდ ერთ წელიწადში, ანუ 2023-2024 წლებში აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტი 2.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. შარშან ქვეყანა, 2023 წელთან შედარებით, მე-18-ე ადგილიდან ერთი პოზიციით დაწინაურდა. 2023 წელს აშშ-ში საქართველოდან 5.22 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის იმპორტი განხორციელდა, რაც აშშ-ში ღვინის იმპორტის მთლიანი ღირებულების 0.078%-ს შეადგენდა.
2013-2024 წწ. პერიოდის სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტის ღირებულება 0.8 მილიონიდან 7.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა. კერძოდ:
· 2013 წელი – 0.8 მლნ დოლარი
· 2014 წელი – 0.9 მლნ დოლარი
· 2015 წელი – 1.1 მლნ დოლარი
· 2016 წელი – 1.3 მლნ დოლარი
· 2017 წელი – 1.7 მლნ დოლარი
· 2018 წელი – 2.0 მლნ დოლარი
· 2019 წელი – 3.0 მლნ დოლარი
· 2020 წელი – 3.8 მლნ დოლარი
· 2021 წელი – 4.6 მლნ დოლარი
· 2022 წელი – 5.4 მლნ დოლარი
· 2023 წელი – 5.2 მლნ დოლარი
· 2024 წელი – 7.8 მლნ დოლარი
ბოლო, 2024 წლის რეიტინგში საქართველო სულ ერთი პოზიციით, ხოლო თანხობრივად ბევრად მეტად ჩამორჩება საბერძნეთს (19.5 მლნ დოლარი) და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც მექსიკა (7.4 მლნ), დიდი ბრიტანეთი (7.4 მლნ), შვეიცარია (7.4 მლნ), სლოვენია (4.3 მლნ), უნგრეთი (3.7 მლნ), ლიბანი (3.1 მლნ), ბელგია (2.5 მლნ), დანია (2.4 მლნ) და ურუგვაია (2.1 მლნ).
აშშ-ში ღვინის წამყვანი იმპორტიორი ქვეყნების სამეულს საფრანგეთი (2.506 მლრდ დოლარი), იტალია (2.253 მლრდ) და ახალი ზელანდია (518 მლნ) წარმოადგენენ.
აშშ-ში ღვინის იმპორტის ღირებულებით ქვეყნების 2024 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:
· საფრანგეთი – 2.506.3 მლრდ დოლარი
· იტალია – 2.253.2 მლრდ დოლარი
· ახალი ზელანდია – 518.4 მლნ დოლარი
· ესპანეთი – 391.4 მლნ დოლარი
· ავსტრალია – 243.3 მლნ დოლარი
· არგენტინა – 207 მლნ დოლარი
· ჩილე – 163.5 მლნ დოლარი
· პორტუგალია – 118 მლნ დოლარი
· გერმანია – 77.9 მლნ დოლარი
· კანადა – 63.4 მლნ დოლარი
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ტოპ-10-ეულის შემადგენლობა და პოზიციები 2023 წლის ანალოგიურია.
ვრცლად: www.bpn.ge
