ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეწარმის ანი სიდამონიძის ბრენდმა ANNE SIDAMONI SKINCARE-მა წარმოების ახალი ხაზი შექმნა. კერძოდ, წარმოებას ვედური ჰოლისტიკური კანის მოვლის საშუალებების ნაკრები დაამატა, რომელიც ეთიკურ – მრავალჯერადად გამოყენებად შეფუთვას იყენებს. როგორც ანი სიდამონიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მომხმარებელი დამატებით საფასურს იხდის შეფუთვაში, რომელსაც ყიდულობს, შემდეგ კი, კომპანიას ისევ უგზავნის ხელახლა შესავსებად.
„თუ მყარია პროდუქტი, მომხმარებელს ბიოდეგრადირებად ეთიკურ შეფუთვაში ვუგზავნით პროდუქციას. თავად პროდუქტით ისეა ფორმულირებული, რომ საერთოდ არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, ფერიც, სურნელიც და თვისებებიც მცენარეულია, მე თავად ვაკეთებ ზეთის ინფუზიას ჩემი ხელით, ისევე როგორც ჰიდროსოლს. ამ ხაზში ყველაფერი საკუთარი ხელით მაქვს დამზადებული“, – აღნიშნა მეწარმემ.
ანი სიდამონიძის თქმით, ის ამ ეტაპზე 7 ლოსიონზე მუშაობს, რომელიც ჰოლისტიკური სამედიცინო თვისებებით იქნება გამორჩეული. „ეს არის სრულიად მცენარეული ინფუზიური მეთოდით შექმნილი ხაზი, რომელსაც ფერიც, სურნელიც და თვისებებიც მთლიანად მცენარეული აქვს. ამ ხაზზე თითოეული პროდუქტი იქნება ადამიანის ენერგეტიკული ცენტრების, ჩაკრების შესაბამისი, ფერით, თვისებებით, მცენარეებით, რომელსაც გამოვიყენებ შექმნისას. ნამდვილად უნიკალური პროდუქტი იქნება ბაზარზე“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ სატესტო ვერსიები უკვე შექმნილია.
ANNE SIDAMONI SKINCARE პანდემიის პერიოდში შეიქმნა, რომელიც ონლაინ რეალიზდება. ის აწარმოებს კანის მოვლის ათობით სახეობის კოსმეტიკურ საშუალებას.
„ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ბრუნვა ძალიან გაიზარდა, ჯერ ისევ ე.წ ინდი ბრენდის ლიგაში ვართ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ვდებ ბრენდში, ვიდრე მოგებას ვიღებ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, გვქონდა შესაძლებლობა წარმატებით მიგვეღო მონაწილეობა IECSC საერთაშორისო გამოფენაზე და ჩვენი მომხმარებლისთვის მზარდი ხარისხის პროდუქცია მიგვეწოდებინა“, – აღნიშნა მან BM.GE-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ANNE SIDAMONI SKINCARE-ის ძირითადი მომხმარებელი საშუალო ასაკის, გამოცდილი მომხმარებელია, რომელიც ირჩევს სუფთა და ეთიკურ პროდუქციას, – „ჩვენი მომხმარებლისთვის კანის ხანგრძლივი და მდგრადი სიჯანსაღე მნიშვნელოვანია. ჩვენი პროდუქცია არ შეიცავს კანისთვის საზიანო ქიმიკატებს, საღებავებს და პარფიუმს. მყავს რამდენიმე ერთგული ქართველი მომხმარებელი, მაგრამ ჩემი მომხმარებლების უმეტესობა არაქართველია. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ქართველი მომხმარებელი მყავდეს და უფრო მეტად იცნობდნენ და ამაყობდნენ, რომ ამერიკაში ასეთი ბრენდი არსებობს და ქართული ფესვები აქვს“, – ამბობს ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მეწარმე.
ანი სიდამონიძე კოსმეტიკური საშუალებების წარმოების გარდა, ნიუ იორკში ლიცენზირებული ესთეტიკოსია. ასევე რამდენიმე წლის წინ ამ დარგში მასწავლებელ-ინსტრუქტორის ლიცენზიაც აიღო.
„გარდა სალიცენზიო გამოცდების მოსამზადებელი კურსისა, ასევე მასტერკლასებსაც ვუძღვები რომელიც განკუთვნილია აკრედიტებული მედდების, ექიმების, მასაჟისტების, ესთეტიკოსების და კოსმეტოლოგებისთვის“, – აღნიშნა სიდამონიძემ.
