აშშ-ში სტუდენტური ვიზების მისაღებად საჭირო გასაუბრებები ჩერდება

შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი აპირებს ყველას აჩვენოს, რომ თუ რამის გაკეთებას ერთი რომელიმე გზით ვერ ახერხებს, მაინც მიაღწევს იმას, რაც თვითონ სურს. ბოლო ასეთი შემთხვევა ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლებასა და კვლევებზე მზარდ ზეწოლას უკავშირდება.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაამარცხა და მართლმსაჯულებამ ჰარვარდში უცხოელი სტუდენტებისთვის პროგრამის შეწყვეტა უკანონოდ ცნო, ცდილობს, პრობლემა სათავეში აღმოფხვრას.
ამ მიზნით, მისმა ადმინისტრაციამ -ს საელჩოებს დაავალა, სტუდენტური ვიზების მისაღებად საჭირო გასაუბრებების დაგეგმვა შეაჩერონ.
სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სამსახურებრივი განკარგულების თანახმად, „პაუზა“ ძალაშია „შემდგომი განკარგულების მიღებამდე“. შეტყობინება, რომელზეც წვდომა რამდენიმე მედიასაშუალებამ მიიღო, ცხადყოფს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, სტუდენტური ვიზის მსურველთა ანკეტების შემოწმება სოციალურ ქსელებში მათი პუბლიკაციების ანალიზის გზით გააფართოვოს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა სტუდენტური ვიზის განაცხადზე „სოციალური მედიის სავალდებულო სკრინინგისა და შემოწმების გაფართოებისთვის“ ემზადება.
თუმცა, არ არის განმარტებული, რა კრიტერიუმები არსებობს ამ შემოწმებისთვის და რა ინფორმაცია უნდა გაანალიზდეს.
ეს არის ბოლო დადასტურება იმ ზეწოლისა, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლებასა და კვლევებზე ხორციელდება.
სასწავლო დაწესებულებები ტრამპის ადმინისტრაციას სიტყვის თავისუფლების უფლების დარღვევაში ადანაშაულებენ.
ბევრი სასწავლო დაწესებულება, დაფინანსების კუთხით, დიდად არის დამოკიდებული უცხოელ სტუდენტებზე, რადგან ისინი, როგორც წესი, უფრო მაღალ საფასურს იხდიან.
ტრამპი აშშ-ს ზოგიერთ უნივერსიტეტს იმაში ადანაშაულებს, რომ „მემარცხენეები“ არიან, ანტისემიტიზმს ემხრობიან და სტუდენტების ჩარიცხვის დროს, დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებენ.
სტუდენტური ვიზების შეჩერების შესახებ დასმულ კითხვაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა სამშაბათს განაცხადა: „ქვეყანაში შემომსვლელთა შემოწმების პროცესს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ასეთ მიდგომას შემდგომშიც გავაგრძელებთ“.
ტემი ბრიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამის ინსტრუმენტები არსებობს“.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რისხვის ცენტრში ჰარვარდის უნივერსიტეტია.
გასულ კვირას თეთრმა სახლმა ჰარვარდს უცხოელი სტუდენტების მიღებისა და უცხოელი მკვლევარების მოწვევის ნებართვა გაუუქმა.
თუმცა, ეს ნაბიჯი ფედერალურმა მოსამართლემ უკანონოდ მიიჩნია.
მანამდე, ტრამპმა უნივერსიტეტებს ასობით მილიონი დოლარის დაფინანსება გაუყინა და მიიღო ზომები სტუდენტების დეპორტაციისთვის, ასევე გააუქმა სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვევის ათასობით ვიზა.
ამ გადაწყვეტილებებიდან ბევრი ამერიკის სასამართლოების მიერ დაიბლოკა.
რაც შეეხება სტუდენტური ვიზების მისაღებად საჭირო გასაუბრებების შეჩერებას, ეს ნაბიჯი, მაგალითად, შეიძლება დამანგრეველი დარტყმა იყოს ჰარვარდისთვის, სადაც სტუდენტების მეოთხედზე მეტი უცხოელია.
უცხოელებმა, ვისაც აშშ-ში სწავლა სურთ, ვიზების დამტკიცებამდე, საკუთარ ქვეყანაში არსებულ ამერიკის საელჩოში გასაუბრება უნდა გაიარონ.
წყარო: 1tv.ge