აშშ-ში მოქმედი ქართული დიასპორულ ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან “ქართული ოცნების” ინიციატივას ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების აკრძალვის შესახებ. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს – შინ და გარეთ.
“ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული სათვისტომო და დიასპორული ორგანიზაციები, ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ინიციირებული იმ ცვლილებების გამო, რომლებიც არსებითად ზღუდავს, პრაქტიკულად კი სრულად აუქმებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული ხმის მიცემის უფლებას. […] დღეს, ერთ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე საზღვარგარეთ ცხოვრობს. ათიათასობით მათგანი სწავლობს, მუშაობს და ცხოვრობს აშშ-ში, საიდანაც ისინი ინარჩუნებენ მჭიდრო ოჯახურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სამოქალაქო კავშირს საქართველოსთან. მხოლოდ 2024 წელს, აშშ-დან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 573 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2025 წლის პროგნოზი 700 მილიონ დოლარზე ადის. ქართული კულტურის ადა ხელოვნების ცენტრებში და სკოლებში კი ყოველწლიურად ასობით ათასი ბავშვი სწავლობს ენას, ცეკვას და სიმღერას, რაც არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ და იდენტობით კავშირს ადასტურებს”, – წერია განცხადებაში.
აშშ-ში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ გადახედონ ინიციირებულ ცვლილებებს, დაიცვან ხმის მიცემის საყოველთაობისა და თანასწორობის უფლება, გააძლიეროს და განავითაროს საზღვარგარეთ ხმის მიცემის მექანიზმები.
ამავე თემაზე:
· ემიგრანტებმა ხმის მიცემის უფლების სრულფასოვნად შენარჩუნებისთვის პეტიცია შექმნეს




