აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის ფედერალურმა აგენტებმა ორი ადამიანი დაჭრეს ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში. ინციდენტში მათი მონაწილეობა დაადასტურა ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ.
საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური შიდა უსაფრთხოების სამინისტროს შემადგენლობაშია. სამინისტროს თანახმად, მისი აგენტები თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ. პორტლენდის მერის განცხადებით, წავიდა ის დრო, როცა ფედერალური მთავრობის განმარტება დამაჯერებელი იყო.
შიდა უსაფრთხოების სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი ორი უწყების – საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის და საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში მოქმედებენ არალეგალურად მყოფი მიგრანტების წინააღმდეგ პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწყებული კამპანიის ფარგლებში.
7 იანვარს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში მოკლა 37 წლის ქალი. 8 იანვარს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ორი ადამიანი დაჭრა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში.
პორტლენდში სროლის ადგილზე გამოძახებულ პოლიციელებს დახვდათ დაჭრილი ქალი და მამაკაცი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.
პორტლენდის პოლიციის უფროსმა ბობ დეიმ 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კარგად ესმით იმ ემოციებისა და დაძაბულობის, რაც ერთი დღით ადრე მინეაპოლისში სროლამ გამოიწვია, მაგრამ ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას სთხოვენ.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის აგენტები პორტლენდში ამოწმებდნენ ავტომანქანას, რომლის მძღოლმაც, სავარაუდოდ, ვენესუელის ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრმა აგენტებთან შეჯახება სცადა, ერთმა მათგანმა კი თავდაცვის მიზნით ისროლა, რის შემდეგაც მძღოლი და მგზავრი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პორტლენდის მერმა კით უილსონმა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურებს მოუწოდა ქალაქში ყველა ოპერაცია შეაჩერონ, სანამ სროლის ფაქტი სრულად გამოძიებული არ იქნება. უილსონის განცხადებით, პორტლენდი არ არის საწვრთნელი პოლიგონი გასამხედროებული აგენტებისთვის. ქალაქის მერის თქმით, ცნობილია, თუ როგორ ახსნა მომხდარი ფაქტი ფედერალურმა მთავრობამ, მაგრამ წავიდა ის დრო, როცა მისი ნათქვამის დაჯერება შესაძლებელი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 8 იანვარს პორტლენდის რამდენიმე რაიონში შეიკრიბა ასეულობით ადამიანი, რომლებმაც საიმიგრაციო სამსახურების ქმედებები გააპროტესტეს.
8 იანვარს საპროტესტო აქციები გაგრძელდა მინესოტის შტატის სხვადასხვა ქალაქში. ერთი დღით ადრე საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა შტატის ქალაქ მინეაპოლისში, სადაც მიგრანტების წინააღმდეგ ამ სამსახურის ქმედებებს აპროტესტებდნენ, მოკლა 37 წლის ქალი რენე ნიკოლ გუდი. შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ ამ შემთხვევაშიც განაცხადა, რომ ფედერალური აგენტი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. ეს ვერსია საზოგადოების უნდობლობას იწვევს, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოს საფუძველზე.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა მკვეთრად გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა. 2025 წლის ივნისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის რეიდებმა ლოს-ანჯელესში გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა. ტრამპმა ქალაქში ჯერ ეროვნული გვარდია, შემდეგ კი საზღვაო ქვეითებიც გაგზავნა.
აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.
თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ დეპორტაციას დაექვემდებარა ათასობით მიგრანტი, მათ შორის ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდებით.
ფორუმი




