აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სენატმა დაფინანსების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
სენატმა დაფინანსების პაკეტი პარასკევს გვიან ღამით მიიღო ორპარტიული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, თუმცა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს, რომელიც ორშაბათს შეიკრიბება.
პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინის და სხვა მრავალი უწყების დაფინანსება ოფიციალურად შეწყდა. „შათდაუნი“ ზოგიერთ უწყებაზე გავლენას არ მოახდენს, რადგან კონგრესმა უკვე დაამტკიცა მათთვის დაფინანსება, მათ შორისაა იუსტიციის დეპარტამენტი, ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტი, სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია და გარემოს დაცვის სააგენტო.
„დემოკრატებმა“ თეთრ სახლთან შეთანხმებას ხუთშაბათს მიაღწიეს მას შემდეგ, რაც მათ საიმიგრაციო სააგენტოების დაფინანსებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს. ეს შეთანხმება გულისხმობს გრძელვადიანი ხარჯვის შესახებ ხუთი კანონპროექტის მიღებას და სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსების ორი კვირით გახანგრძლივებას, რათა საიმიგრაციო აღსრულების რეფორმებზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
თუ წარმომადგენელთა პალატა სწრაფად დაამტკიცებს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც სენატმა პარასკევს მიიღო, „შათდაუნი“ ხანმოკლე იქნება.




