აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გაორმაგებული ტარიფები ძალაში შევიდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპმა გუშინ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები 25%-დან 50%-მდე იზრდება.
„ჩვენ დავიწყეთ 25-დან და შემდეგ, მონაცემების უკეთ შესწავლის შემდეგ, მივხვდით, რომ მეტი დახმარებაა საჭირო. სწორედ ამიტომ 50-იანი ტარიფები იწყება“, – განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, კევინ ჰასეტმა.
ზრდა ყველა სავაჭრო პარტნიორს ეხება, გაერთიანებული სამეფოს გარდა, რომელმაც აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმება დადო და დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის იმპორტის განაკვეთი მინიმუმ 9 ივლისამდე 25%-ზე დარჩება.
Reuters-ი წერს, რომ აშშ-ში გამოყენებული ფოლადის დაახლოებით მეოთხედი იმპორტირებულია და აღწერის ბიუროს მონაცემები აჩვენებს, რომ გაზრდილი გადასახადები განსაკუთრებით მძიმე დარტყმას მიაყენებს აშშ-ის უახლოეს სავაჭრო პარტნიორებს – კანადასა და მექსიკას.
