აშშ-ში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყუდსის ძალების ყოფილი მეთაურის, მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის დისშვილი, ჰამიდე სოლეიმანი აფშარი და მისი შვილი დააკავეს.
აფშარი და მისი შვილი ე.წ. მწვანე ბარათის (Green card) მფლობელები იყვნენ, ხოლო დაკავებამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მათი კანონიერი მუდმივი ბინადრობის უფლება გააუქმა.
ამის შესახებ განცხადება რუბიომ და აშშ-ს სახდეპმა გაავრცელეს.
რუბიომ აღნიშნა, რომ სოლეიმანი აფშარი ირანის რეჟიმის მხარდამჭერი იყო და ამერიკელებზე თავდასხმებს ზეიმობდა.
რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს, რომ აშშ “იქცეს სახლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ანტიამერიკულ ტერორისტულ რეჟიმებს მხარს უჭერენ”.
“ცოტა ხნის წინ ჰამიდე სოლეიმანი აფშარი და მისი შვილი მწვანე ბარათს ფლობდნენ და აშშ-ში მდიდრულად ცხოვრობდნენ.
აფშარი გარდაცვლილი ირანელი მაიორ-გენერალის, ყასემ სოლეიმანის დისშვილია. ის ასევე ირანის რეჟიმის დაუფარავი მხარდამჭერია, რომელმაც ამერიკელებზე თავდასხმები იზეიმა და ჩვენი ქვეყანა მოიხსენია, როგორც “დიდი სატანა”.
ამ კვირას მე როგორც აფშარის, ისევე მისი შვილის კანონიერი სტატუსი გავაუქმე, ახლა ისინი ICE-ის პატიმრობაში არიან და აშშ-დან გაძევებას ელიან.
ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს, რომ ჩვენი ქვეყანა იქცეს სახლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ანტიამერიკულ ტერორისტულ რეჟიმებს მხარს უჭერენ”. – დაწერა რუბიომ.
როგორც სახდეპის განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში შესვლა აფშარის მეუღლესაც აეკრძალა. ამასთან, რუბიომ ასევე გააუქმა ირანის უზენაესი საბჭოს ყოფილი მდივნის, ალი ლარიჯანის შვილის, ფატემე არდეშირ-ლარიჯანისა და მისი მეუღლის კანონიერი სტატუსიც.
“ჰამიდე სოლეიმანი აფშარი და მისი ქალიშვილი ახლა აშშ-ს იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სააგენტოს (ICE) მიერ არიან დაპატიმრებულები. როგორც მედიის ცნობები, ისევე სოციალურ ქსელში მის მიერვე გაკეთებული კომენტარები ავლენს, სოლეიმანი აფშარი ირანის ტოტალიტარული, ტერორისტული რეჟიმის დაუფარავი მხარდამჭერია.
აშშ-ში ცხოვრების დროს ის ირანის რეჟიმის პროპაგანდას ავრცელებდა, ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცებისა და სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმებს ზეიმობდა, ირანის ახალ უზენაეს ლიდერს აქებდა, ამერიკას გმობდა, როგორც “დიდ სატანას” და ურყევ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებულ. აფშარ სოლეიმანი ირანის ტერორისტული რეჟიმის სასარგებლოდ ამ პროპაგანდას ავრცელებდა მაშინ, როდესაც ლოს-ანჯელესში მდიდრული ცხოვრებით ტკბებოდა, რასაც მის Instagram-ის ბოლო დროს წაშლილ ანგარიშზე ხშირად დადებული პოსტები ადასტურებს.
ჰამიდე სოლეიმანი აფშარისა და მისი ქალიშვილის კანონიერი მუდმივი ბინადრობის სტატუსის გაუქმებასთან ერთად, აფშარის ქმარს ასევე აეკრძალა აშშ-ში შესვლა.
მიმდინარე თვის დასაწყისში მდივანმა რუბიომ ასევე გააუქმა ირანის უზენაესი საბჭოს ყოფილი მდივნის, ალი ლარიჯანის შვილის, ფატემე არდეშირ-ლარიჯანისა და მისი მეუღლის, სეიედ ქალანთარ მოთამედის კანონიერი სტატუსი. როგორც არდეშირ-ლარიჯანი, ისევე მოთამედი აღარ იმყოფებიან აშშ-ში და მომავალში შესვლა ეკრძალებათ”. – წერია განცხადებაში.



