აშშ-ში, გასულ კვირას, ზამთრის ქარიშხალმა 90 ადამიანი იმსხვერპლა

გასული კვირის მანძილზე, -ში ზამთრის ქარიშხალმა 90 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით მძიმე ამინდი კვირის შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ტენესისა და ორეგონის შტატებში, სადაც ქარიშხლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რიცხვი ამ ორ შტატში ყველაზე მეტია, შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ილინოისში, პენსილვანიაში, მისისიპიში, ვაშინგტონში, კენტუკიში, ვისკონსინში, ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში და სხვაგან. სიკვდილიანობის ასეთი ზრდა გამოიწვია ავტოავარიებმა და ძლიერი ქარის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ.
მედიის ცნობით, მისისიპიში პოლიცია იძულებული გახდა მძღოლებისთვის ეთხოვა, მანქანა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ემართათ. მძიმე პირობების გამო შტატის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ზამთრის არდადეგებიდან სტუდენტების დაბრუნება შეფერხდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით აბონენტს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება.
ზოგიერთი მეტეოროლოგის განცხადებით, თბილმა ჰაერმა და წვიმამ, შესაძლოა, შუა-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ს ნაწილებში წყალდიდობა გამოიწვიოს.