აშშ-ში აუქციონზე საპრეზიდენტო ლიმუზინი იყიდება

1964 წლის Chrysler Imperial Crown-ის ლიმუზინი Mecum-ის აუქციონზე გაიყიდება, რომელიც გლენდეილში 5-დან 9 მარტამდე () გაიმართება. ეს მანქანა აშშ-ს პრეზიდენტს ლინდონ ჯონსონს და ჯონ კენედის მეუღლეს, ჟაკლინს ემსახურებოდა. ამის შესახებ აუქციონის სახლის ვებსაიტზე იტყობინება.
ლიმუზინის საწყისი ფასი $125 000-დან $150 000-მდეა.
1964 წელს 10 Chrysler Imperial Crown ლიმუზინი იქნა წარმოებული. მანქანის დიზაინი ცნობილმა იტალიურმა სტუდია Ghia-მ შეიმუშავა.
არსებული ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ეს ავტომობილი Chrysler-ისგან სიმბოლურ 1 დოლარად იჯარით აიღო. თავდაპირველად მას ჯონ კენედის მეუღლე ჟაკლინი იყენებდა. შემდეგ ის ლინდონ ჯონსონს გადასცეს და მანქანამ მის ინაუგურაციაშიც მიიღო მონაწილეობა. მანქანის გარბენი მხოლოდ 24 300 კმ-ია.
უზარმაზარი Chrysler Imperial Crown ლიმუზინი სიგრძეში 6,3 მეტრს აღწევს. 7-ადგილიანი ინტერიერის მოწყობაში გამოყენებულია ტყავი, ხე და ძვირადღირებული მატყლი. აღჭურვილობაში შედის კონდიციონერი, ელექტრო შუშები და ტიხრები მძღოლსა და მგზავრებს შორის.