AP-ის თანახმად, არმიის ვერტმფრენსა და American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჰაერში შეჯახების შედეგად დაიღუპა ორივე ბორტზე მყოფი 67-ვე ადამიანი, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა 30 იანვარს.
ვითარების გაანალიზების შედეგად, მათ ასევე თქვეს, რომ საკონტროლო კოშკზე პერსონალის რაოდენობა ავარიის დროს არ შეესაბამებოდა ნორმალ ვითარებას.
ეს ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საავიაციო კატასტროფაა ბოლო პერიოდში.
რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk-ი.
სულ მცირე, 28 ცხედარს მიაგნეს მდინარე პოტომაკში, სადაც თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩავარდნენ შეტაკების შემდეგ.
თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფება. ვერტმფრენში სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა. Associated Press-ის მიერ მოპოვებული ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მოხსენების თანახმად, საკონტროლო კოშკზე საჰაერო მიმოსვლის ერთი მაკონტროლებელი ასრულებდა სამუშაოს, რომელიც ჩვეულებრივ ორი ადამიანის საქმეა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არავინ გადარჩა. ტრამპმა თქვა 30 იანვარს, რომ ვაშინგტონს კონტაქტი აქვს მოსკოვთან სამგზავრო თვითმფრინავის სამხედრო შვეულმფრენთან შეტაკების დროს რუსეთის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით. „კონტაქტი გვაქვს რუსეთთან“ – თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე, როცა უპასუხა შეკითხვას, ხელს უწყობს თუ არა აშშ რუსეთში დაღუპულების გვამების დაბრუნებას. „პასუხია, დიახ, ხელს შევუწყობთ“ – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ თვითმფრინავში სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
ტრამპმა ჟურნალისტებს ავიაკატასტროფის თაობაზე უთხრა, რომ საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სისტემები სათანადოდ არ არის ჩამოყალიბებული. ”მათ ბევრი ფული დახარჯეს სისტემის განახლებაზე”, – თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ახალი სისტემა რომ შეეძინათ, უფრო იაფი დაუჯდებოდათ.
ტრამპმა 30 იანვარს ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავიაციის მაღალი რანგის ყოფილი წარმომადგენელი დანიშნა სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
გადაწყვეტილება მოჰყვა კატასტროფას, რომელსაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ში.
ვაშინგტონთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ რუსი მწვრთნელები, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი. ამერიკული მედიით გავრცელდა შეერთებული შტატების ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადება, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის იყვნენ სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც კანზასში მდებარე ბაზიდან ბრუნდებოდნენ.
ფედერაციას მათი კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
ეს აშშ-ში 2009 წლის შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავის პირველი კატასტროფაა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წელს ნიუარკიდან მომავალი Bombardier Q400-ის ტიპის თვითმფრინავი ბაფალოს აეროპორტთან მიახლოებისას შენობას დაეჯახა. დაიღუპა 49 ადამიანი.
1982 წლის იანვარში, ვაშინგტონის აეროპორტიდან აფრენილი Boeing 737 ქალაქის ცენტრში ხიდს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 78 ადამიანი და კიდევ 3, რომლებიც ხიდზე ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ.
ფორუმი