აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ – Washington Examiner

აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ და მათ არ ექნებათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Examiner-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სამხრეთ კალიფორნიაში, -ის სასაზღვრო პატრულის აგენტებს გადაეცათ მითითებები, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის აფრიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან და ევროპიდან, მხოლოდ 6 ქვეყნის მოქალაქეებს არ მიიღებენ შეერთებულ შტატებში და მათ არ ექნებათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. ამ 6 ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო.
„მხოლოდ ქართველ, მოლდაველ, ყირგიზ, რუს და ტაჯიკ სრულწლოვანი პირებს გაგზავნიან იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურში ქვეყნიდან სწრაფი დეპორტაციისთვის. ყველა სხვა მიგრანტი აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან, „რთულად ან ძალიან რთულად გასაშვები ქვეყნებიდან”, აშშ-ის სასამართლოში გამოცხადების შემდეგ, დოკუმენტების საფუძველზე, გათავისუფლდებიან”, – წერია დოკუმენტში.
გამოცემა წერს, რომ აშშ მუშაობს მთავრობებთან მთელ მსოფლიოში, რათა გააძლიერონ რეპატრიაციის პროცესი იმ ქვეყნებში, რომლებიც ისტორიულად რთულ რეგიონებად ითვლება. უკვე განახორციელეს რეპატრიაციის ფრენები ინდოეთში, ჩინეთში, უზბეკეთში, მავრიტანიაში, სენეგალში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. გასულ კვირას შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა 36 ასეთი ფრენა განახორციელა. წელს სულ უკანონო მიგრანტები აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 15 ქვეყანაში დააბრუნა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა საზღვრის დასაცავად ახალი ზომები დააწესა, რომლის მიხედვითაც, ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები. სწორედ ამიტომ მან დღეს გამოსცა განკარგულება, რათა მიგრანტებმა, რომლებიც ჩვენს სამხრეთ საზღვარს უკანონოდ კვეთენ, თავშესაფარი არ მიიღონ. ეს ზომები ამოქმედდება მაშინ, როდესაც სამხრეთ საზღვარზე ინციდენტების მაღალი დონე გადააჭარბებს ჩვენს შესაძლებლობებს, დროული რეაგირება მოვახდინოთ, როგორც ეს დღეს ხდება“, – აღნიშნული იყო განცხადებაში.