აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.
“პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, რათა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი დახმარება განეხილა. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის მისი ძალისხმევების შესახებ აცნობა – გაზარდოს უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარება თანამდებობაზე მისი ვადის ამოწურვამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში შევა: საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები, “ჰაერი-მიწა” ტიპის საბრძოლო მასალა, ჯავშანმანქანები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალა.
თეთრი სახლის თანახმად, მომავალ თვეებში აშშ უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის ათობით ტაქტიკურ სისტემებს, საჰაერო თავდაცვის ასობით გამანადგურებელს, დამატებით საარტილერიო სისტემებს, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას, ასობით ჯავშანტრანსპორტიორებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ასევე, ათასობით ჯავშანმანქანას.
“ლიდერებმა ერთგულება გამოხატეს გააძლიერონ თავდაცვითი დახმარების დაგეგმარება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინას აქვს საჭირო აღჭურვილობა, რათა გაიმარჯვოს. ამ ძალისხმევის ნაწილად, 2024 წლის ნოემბერში, პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის [“რამშტაინის ფორმატი”] ლიდერების დონეზე ონლაინ შეხვედრას გამართავს, სადაც ლიდერები უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციას მოახდენენ,” – ნათქვამია განცხადებაში.