აშშ უარს იტყვის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მცდელობებზე, თუ პროგრესი მალე არ იქნება მიღწეული, აშშ-ს სურს ომის დასრულება, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ომი – მარკო რუბიო
აშშ უარს იტყვის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მცდელობებზე, თუ პროგრესი მალე არ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონი არ აპირებს ამ მცდელობის გაგრძელებას კვირების და თვეების განმავლობაში.
„ასე რომ, ჩვენ ახლა ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ, და მე ვსაუბრობ რამდენიმე დღეზე, შესაძლებელია თუ არა ეს მომდევნო რამდენიმე კვირაში. პრეზიდენტი ამაში ძალიან დარწმუნებულია. მან ამას დიდი დრო და ენერგია დაუთმო. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს ბევრი სხვა მართლაც მნიშვნელოვანი რამ, რაც იმსახურებს იმავეს, თუ არა მეტ ყურადღებას“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდა უკრაინას და ვაშინგტონს სურს, ამის დასრულება.
„ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდა უკრაინას და ჩვენ გვინდა, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ომი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
