აშშ-ში მოგზაურობის მსურველებს ვიზის საფასური, სულ მცირე, 250 დოლარამდე გაუძვირდებათ, რასაც „საგადასახადო შეღავათებისა და ხარჯის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. კანონს პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა 4 ივლისს მოაწერა ხელი.
ინფორმაციას CBS News ავრცელებს.
ახალი „საფასური მიმდინარე ფედერალურ ფისკალურ წელს შედის ძალაში, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო და 2025 წლის 30 სექტემბერს მთავრდება. მომდევნო წლებში თანხა ინფლაციის გათვალისწინებით იქნება კორექტირებული.“
საფასური არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ უცხოელ სტუდენტებსა და დაქირავებულ მუშაკებს დაეკისრებათ, რომლებიც დროებითი სამუშაო ვიზებით სარგებლობენ.
ამასთან, გაძვირებული ვიზის მფლობელებს შეუძლიათ, კომპენსაცია მიიღონ, თუკი სავიზო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან, როგორიც არის აშშ-იდან ვიზის ვადის გასვლიდან ხუთი დღის განმავლობაში გამგზავრება
CNBC-ის ცნობით, ახალი საფასური სხვა გადასახადებს, მათ შორის, ჩვეულებრივ სავიზო საფასურს ემატება. ამდენად, მთლიანმა თანხამ შესაძლოა, 455 დოლარს მიაღწიოს.
იურისტების განმარტებით, „მაგალითად, ვიზის მქონე მუშაკს, რომელსაც განაცხადის განსახილველად 205 დოლარი აქვს გადახდილი, ახალი საფასურის შემოღების შემდეგ მთლიანობაში 455 დოლარის გადახდა მოუწევს.“
გადასახადი ჯერ არ ამოქმედებულა და გაურკვეველია, როდის ამოქმედდება. იურისტების განმარტებით, ამისთვის, პირველ რიგში, ფედერალურ რეესტრში ნორმატიული აქტი ან, სულ მცირე, შეტყობინება არის საჭირო იმაზე, თუ როგორ მოხდება თანხის შეგროვება.
კონგრესის ბიუჯეტის ოფისის შეფასებით, ამ დებულების ამოქმედება 2025-დან 2034 წლამდე შემოსავალს გაზრდის, ხოლო დეფიციტს 28.9 მლრდ დოლარით შეამცირებს.
CNBC-ის შეფასებით, ვიზის ახალი გადასახადი 2026 წელს დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის წესდება, რასაც აშშ-მა უნდა უმასპინძლოს. მათ შორის არის ქვეყნის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავი America 250-ის ცერემონია და FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილი.
მონაცემები აჩვენებს, რომ ვიზის მფლობელთა უმეტესობა სავიზო პირობებს იცავს. კერძოდ, კონგრესის კვლევითი სამსახურის მონაცემებით, 2016-დან 2022 ფისკალურ წლებს შორის აშშ-ში ჩასული არაიმიგრანტების 1%-დან 2%-მა ვიზის ვადას გადააცილა. ამასთან, დაახლოებით, 11 მლნ არალეგალი იმიგრანტიდან 42% აშშ-ში კანონიერად შევიდა, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანაში დარჩა.
bpn.ge
