უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში უკრაინული დელეგაციის ცნობების მიღების შემდეგ დაწერა, რომ აშშ-ს სამშვიდობო წინადადებამ შეიძლება მოიცვას “რიგი ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვებს ეფუძნება და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”.
“უკრაინული დელეგაცია დღეს ჟენევაში ომის დასასრულებლად, მშვიდობის აღსადგენად და გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესრულებადი გამოსავლის საპოვნელად მუშაობს. პირველი შეხვედრებისა და საუბრების შედეგების შესახებ გუნდის მოკლე ანგარიშები უკვე მოვიდა. ამჟამად არსებობს გაგება, რომ ამერიკულმა წინადადებამ შესაძლოა მოიცვას რიგი ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვებს ეფუძნება და უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გრძელდება შემდგომი მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ელემენტი ნამდვილად ეფექტიანი იყოს და მთავარ მიზანს აღწევდეს, რომელზეც ჩვენი ხალხი იმედს ამყარებს, რომ სისხლისღვრასა და ომს წერტილი საბოლოოდ დაესვას”. – – წერს X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
· 1.უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ დაუწესდებათ არანაირი შეზღუდვები.
· 2.უკრაინა აღადგენს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კახოვკის კაშხალზე, მოიპოვებს „შეუზღუდავ მიმოსვლას მდინარე “ დნეპრზე და კონტროლს იბრუნებს კინბურნის ნახევარკუნძულზე.
· 3.სხვა ტერიტორიული დავები განხილული იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ზავის მიღწევის მიზნით დონბასიდან ჯარებს არ გაიყვანს.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ “უკრაინის “ლიდერებს”” აშშ-სთვის “ნული მადლიერება აქვთ გამოხატული და ევროპა რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობს”.
შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება; ამასთან, უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.
აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.
ევროპელი ლიდერების ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უკრაინისთვის მეტად სამართლიან პირობებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან დოკუმენტშია გათვალისწინებული. როგორც მედია წერს, ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ომის დასრულების ალტერნატიული წინადადება უკრაინისთვის უფრო მისაღები იქნება და კიევი სწორედ მათ გეგმას დაუჭერს მხარს. ევროპელების მოლოდინია, რომ „ევროპულ გეგმაზე“ მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება, თუმცა, ნაკლებია მოლოდინია, რომ “ტრამპის გეგმის” განხილვისას ვაშინგტონმა მოქნილობა გამოავლინოს.
სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება. ანონიმური წყაროების ცნობით, კიევზე ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლა იყო, ვიდრე წინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს და აშშ-ს სურს, უკრაინამ შეთანხმების ჩარჩოდოკუმენტს მომდევნო ხუთშაბათისთვის მოაწეროს ხელი. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაცია კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინაში აშშ-ის ელჩმა შეხვედრას წარმატებული უწოდა. „როიტერის“ თანახმად, ვაშინგტონი აშშ-სა და უკრაინას შორის დოკუმენტის ხელმოწერისთვის „აგრესიული ვადების“ დადგენას ცდილობდა.
გუშინ, 21 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, „უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, ან ღირსების, მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი“.




