ჰააგის სასამართლოში ისრაელის მიერ ღაზაში გენოციდის მოწყობის ბრალდების განხილვის ფონზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს და ჰამასი პირობას დებს, რომ 7 ოქტომბრის მსგავს თავდასხმებს გააგრძელებს. ასევე აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში რთული საბრძოლო პირობებია.
“ბრალდებები, რომ ისრაელი გენოციდს აწყობს, უსაფუძვლოა. რეალურად, სწორედ ისინი არიან, ვინც დაუნდობლად ესხმის თავს ისრაელს, ხილულად აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი დახოცვის მოწოდებებს. გენოციდი ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ქმედებაა, რომელიც შეიძლება რომელიმე სუბიექტმა ან ინდივიდმა ჩაიდინოს და მსგავსი ბრალდებები მხოლოდ დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავის ჰამასის ტერორისტული ქმედებებისგან, ქმედებებისგან, რომლებზეც ჰამასმა დადო პირობა, რომ მანამ გაიმეორებს, სანამ ისრაელი სრულად არ განადგურდება. ღაზაში ისრაელი მოქმედებს განსაკუთრებულად რთულ გარემოში, ურბანული საბრძოლო ზონა, სადაც ჰამასი ფესვგადგმულია და მოქალაქეთა უკან იმალება”. – წერია მილერის განცხადებაში.
განცხადებაში კიდევ ერთხელაა ნათქვამი, რომ აშშ ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმას გმობს და ასევე ხაზგასმულია ისრაელის მიმართ მოწოდება, რომ განიხილონ გზები, როგორ შეამცირონ სამოქალაქო პირების მსხვერპლი. ასევე დაგმობილია დეჰუმანიზაციის რიტორიკა, როგორც ჰამასის, ისე ისრაელის მხრიდან.
“აშშ იმეორებს, რომ გმობს ჰამასის დაუნდობელ თავდასხმებს და მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დარწმუნდეს, რომ 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმები ვეღარ განმეორდება. ჩვენ ასევე ცხადად ვთქვით, რომ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებებში არა მხოლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით უნდა მოქმედებდეს, არამედ უნდა მოიძიოს მეტი გზა სამოქალაქო ზიანის შესამცირებლად და გამოიძიოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის სანდო ბრალდებები, როდესაც ისინი გამოჩნდება. საბოლოოდ, ჩვენ კვლავ ვგმობთ დეჰუმანიზაციის რიტორიკას ორივე მხარეს”. – წერია განცხადებაში.