აშშ-ს სარაკეტო თავდასხმამ სომალიში ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის ალ-შაბაბის ერთ-ერთი ლიდერი მაალიმ აიმანი მოკლა. მაალიმ აიმანი ალ-შაბაბის ერთ-ერთი დანაყოფის, ჯეიშ აიმანის მეთაური იყო. აღნიშნული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია სომალის ინფორმაციის მინისტრმა დაუდ ავეისმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მაალიმ აიმანი აშშ-ს საჰაერო ძალების და სომალის ეროვნული არმიის ერთობლივი ოპერაციას ემსხვერპლა.
ალ-შაბაბი ალ-კაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში ძირითადად სომალის ტერიტორიაზე ოპერირებს.
2020 წლიდან ალ-შაბაბის ლიდერის მოკვლისთვის აშშ-ს 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო ჰქონდა დანიშნული. მაალიმ აიმანი პასუხისმგებელი იყო 2020 წელს კენიაში აშშ-ს საჰაერო ბაზაზე ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმაზე. აღნიშნულ ტერორისტულ თავდასხმას სამი ამერიკელი ემსხვერპლა.