აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თქმით, ის “დარწმუნებული და ოპტიმისტურია”, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტს კონგრესი შობამდე მიიღებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან 27 ნოემბერს ფლორიდაში ისაუბრა.
“ისრაელი ამერიკისთვის უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენი მოკავშირის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”. – თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
მან ასევე დაამატა, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკისთვის კიდევ ერთი პრიორიტეტია და ამაზე კონგრესი თანხმდება, თუმცა, მისი თქმით, ამერიკას ასევე სასაზღვრო პოლიტიკის შეცვლაზე მუშაობა სჭირდება. ამის გამო, ჯონსონი უკრაინის დახმარებისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხის გადაბმულად განხილვას აპირებს.
“რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა ევროპაში მარშით შევიდეს და გვესმის იქ (რედ. უკრაინაში) დახმარების გაგზავნის საჭიროება”. – დაამატა მაიკ ჯონსონმა.
ჯონსონის კომენტარი წინა დღით სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის განცხადებას მოჰყვა. დემოკრატი კონგრესმენის განცხადებით, უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების საკითხის განხილვა, ასევე შესაძლოა საზღვრის უსაფრთხოებისთვის დაფინანსებაზე მოლაპარაკებები, შემდეგ კვირაში დაიწყოს.