საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა.
უოლცთან დაკავშირებით კითხვები “სიგნალის ჩატის” სკანდალის შემდეგ გაჩნდა. დღეს, 1-ელ მაისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მისი გადაყენების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიას რამდენიმე ოფიციალურმა წყარომ ანონიმურად მიაწოდა. თუმცა, ოფიციალური კომენტარზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა გამოცემა POLITICO-ს უარი უთხრა.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, უოლცის შემცვლელად განიხილება სტივ ვიტკოფი, რომელიც არის აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობს მოლაპარაკებებს ღაზას სექტორში, რუსეთთან, ირანთან და ჰამასთან.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, უოლცი იქნება პირველი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობას დატოვებს.
სიგნალის ჩატის სკანდალი
ამერიკული გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა რომ ის ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით Signal-ის დახურულ ჩატში დაამატა, სადაც ჰუსიტებზე თავდასხმა განიხილებოდა. ჯეფრი გოლდბერგის თქმით, Signal-ის ჩატში 13 მარტს სწორედ მაიკლ უოლცმა დაამატა.
„ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით გამიმხილა ომის გეგმები. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ლიდერებმა დამამატეს ჯგუფურ ჩატში, რომელიც იემენში მოსალოდნელ სამხედრო იერიშებს შეეხებოდა. არც მიფიქრია, რომ ეს შეიძლებოდა რეალური მიმოწერა ყოფილიყო. მაგრამ შემდეგ ბომბები ჩამოცვივდა“, – წერს ჯეფრი გოლდბერგი.
იემენელ ჰუსიტებზე აშშ-მა იერიში მართლაც მიიტანა 15 მარტს. რაც ცნობილი გახდა ზუსტად 2 საათის შემდეგ, რაც ჯეფრი გოლდბერგს უნებურად გაუმხილეს გეგმები — თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი იყო, რომელმაც 11:44-ზე იერიშების შესახებ დაწერა.
მომხდარის შემდეგ უოლცს გამოესარჩლა პრეზიდენტი ტრამპი. მან თქვა, რომ არაა გაბრაზებული უოლცზე და ეს ერთადერთი იაღლიშია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თანაც – არასერიოზული.
„გაკვეთილი ისწავლა. ის კარგი კაცია“, — თქვა ტრამპმა NBC-სთან, როდესაც მას ჰკითხეს, ისევ ენდობოდა თუ არა უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩეველს.
ამავე თემაზე:
· Atlantic-მა სიგნალის სკანდალური ჩატის სრული მიმოწერა გამოაქვეყნა
