აშშ-ს ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ჯო კენტმა თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის წერილი პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
“ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, დღეიდან გადავდგე ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან.
სუფთა სინდისით არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ირანში მიმდინარე ომს. ირანი ჩვენი ერისთვის არანაირ გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა და აშკარაა, რომ ეს ომი ისრაელისა და მისი ძლიერი ამერიკული ლობის ზეწოლის გამო დავიწყეთ,” – წერს კენტი.
კენტის გადადგომას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და თქვა, რომ ყოველთვის თვლიდა, რომ კენტი “კარგი ბიჭია, მაგრამ უსაფრთხოებასთან მიმართებაში ძალიან სუსტი იყო.” მან ასევე განაცხადა, რომ კენტის წერილის წაკითხვის შემდეგ, მიხვდა, რომ “კარგია, რომ ის წავიდა, რადგან მას ეწერა, რომ “ირანი საფრთხეს არ წარმოადგენდა.” ირანი საფრთხეს წარმოადგენდა და ამას ყველა ქვეყანა იაზრებდა. შეკითხვა იყო, უნდოდათ თუ არა, ამაზე რამე გაეკეთებინათ.”
თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.
მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი, ირანის უზენაესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი.
თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა.