დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სამხედრო დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინამ შესაძლოა, რუდიმენტული ბირთვული ბომბი დაამზადოს. The Times-მა ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიპოვა.
გამოცემა The Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ქვეყანას პლუტონიუმისგან აშშ-ს მიერ 1945 წელს ნაგასაკიში ჩამოგდებული “Fat Man” ბირთვული ბომბის მსგავსი იარაღის დამზადება სწრაფად შეეძლება.
გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის ამგვარი ბომბის სწრაფად დამზადება მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვინაიდან ურანის გასამდიდრებლად საჭირო დიდი ობიექტების მშენებლობისთვის დრო არ რჩება. შესაბამისად, ომში მონაწილე უკრაინას დასჭირდებოდა გამოეყენებინა პლუტონიუმი, რომელსაც საკუთარი ბირთვული რეაქტორებიდან ამოიღებდა.
ცნობისთვის, უკრაინა კვლავ აკონტროლებს 9 ფუნქციურ ბირთვულ რეაქტორს და, როგორც The Times წერს, აქვს ბირთვული ტექნოლოგიების საკითხებში შესაბამისი კომპეტენცია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი 1996 წელს დათმო.