წყაროებმა აშშ-ის დაზვერვაში განაცხადეს, რომ ირანში 3 იანვარს მომხდარი აფეთქებების უკან, რომელსაც 91 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ექსტრემისტული გაერთიანება “ისლამური სახელმწიფოს” ავღანური ფრთა დგას.
დაჯგუფებამ, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულად არის შერაცხილი, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა მომხდარიდან მეორე დღეს.
როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, ამერიკის სპეცსამსახურებმა, მოსმენების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ტერაქტში მონაწილეობდნენ “ისლამური სახელმწიფოს” ავღანური ქვედანაყოფები. მათი აზრით, ეს საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ აფეთქებების ორგანიზატორი იყო “ისლამურ სახელმწიფოში” შემავალი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო – ხორასანი”.
3 იანვარს აფეთქებების სერია მოხდა ირანის ქალაქ ქერმანში მდებარე სასაფლაოზე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლის, ყასემ სულეიმანის სიკვდილის მეოთხე წლისთავზე. ირანის ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. სულეიმანი 2020 წლის 3 იანვარს მოკლა აშშ-ის მიერ გაშვებულმა დრონმა ერაყში.
4 იანვარს “ისლამურმა სახელმწიფომ” თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა აფეთქებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის განახორციელა ორმა თვითმკვლელმა . დაჯგუფების წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ, რა იყო ამის მიზანი.
ადრე ირანული მედია იუწყებოდა მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაციების შესახებ, რომელთა მონაწილეები აფეთქებებში ისრაელს ან აშშ-ს ადანაშაულებდნენ. შეერთებული შტატები, ისევე როგორც ისრაელი, უარყოფენ რაიმე სახის მონაწილეობას მომხდარ აფეთქებებში.