აშშ-ის ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა ზანგეზურის დერეფანი 100 წლით იჯარით გადააბარონ.
როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, სომხეთი განიხილავს ზანგეზურის დერეფნის [32 კილომეტრის გზა] კონტროლის ამერიკული კომპანიისთვის გადაცემის შესაძლებლობას — ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილემ. აღნიშნული განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც აბუ-დაბიში გაიმართა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა, რომელზეც, წყაროების ცნობით, კორიდორის საკითხიც განიხილებოდა.
შეთანხმების მიღწევა რუსეთის ჩაურევლად, ნიშნავს ამ ქვეყნის პოზიციების მნიშვნელოვან შესუსტებას რეგიონში და მიუთითებს სამხრეთ კავკასიიდან მისი ეტაპობრივი განდევნის პროცესზე. ამასთან, მოსკოვი ვერ სთავაზობს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტებს — აღნიშნავენ რუსი ანალიტიკოსები [წყარო – კავკაზსკი უზელი]
“შეერთებული შტატები მზად არის აიღოს ზანგეზურის დერეფნის მართვაზე პასუხისმგებლობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუ ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ჩიხში შესული მოლაპარაკებების წინ წაწევას” — განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში ხელშეწყობის მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესთავაზა ერევანსა და ბაკუს ზანგეზურის დერეფნის მართვის გადაცემა აშშ-ისთვის .
2024 წლის იანვარში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზანგეზურის დერეფნის გახსნა სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანისკენ დაასახელა, როგორც წინაპირობა სომხეთთან საზღვრის გახსნისთვის. ერევანმა უპასუხა, რომ მას არასდროს ჰქონია აღებული ვალდებულება, გაეხსნა ზანგეზურის აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისა და ნახიჩევანის დამაკავშირებლად — აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ალიევის განცხადებას უწოდა „მშვიდობის პროცესისთვის სერიოზული დარტყმა.“
