„ვაშინგტონის შეთანხმებების“ აღსრულების მიზნით სომხეთში ჩატარდა აშშ-სომხეთის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. ამასთან, სომხეთის ელჩი ვაშინგტონში შეხვდა ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 17 დეკემბერს გაიმართა სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. ეს არის ჯგუფი, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში სამშვიდობო სამიტის შედეგების მხარდასაჭერად შეიქმნა.
მხარეებს წარმოადგენდნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოულტერი.
მათ შეაქეს სომხეთ-აშშ-ს „აქტიურად განვითარებადი სტრატეგიული პარტნიორობა“.
კოსტანიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერევნის ინტერესი, აქტიურად იმუშაოს სომხეთ-აშშ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმების პრაქტიკაში დასანერგად.
„ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ურთიერთგაგების მემორანდუმების განხორციელების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს და წარმოადგინა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ“, – ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ ცნობაში.
ამავე განცხადების თანახმად, ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ მოკლე ვადაში გააგრძელებენ დისკუსიებს „ექსპერტების დონეზე მიღწეული კონკრეტული შეთანხმებების განსახორციელებლად“.
· მცირე ხნით ადრე აშშ-ის ელჩმა სომხეთში კრისტინა ქუინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამჟამად სომხეთის მთავრობასთან მუშაობს „ტრამპის მარშრუტისა“ და ვაშინგტონის ურთიერთგაგების მემორანდუმების შემუშავებისა და განხორციელების სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე.
· 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
· ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
დღეს, 19 დეკებერს კი სომხეთის ელჩი აშშ-ში, ნარეკ მკრტიჩიანი შეხვდა დევიდ ფოგელს, ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს.
სომხეთის საელჩოს ცნობით, შეხვედრისას განიხილეს 8 აგვისტოს შემდეგ სომხეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის „შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები“.
განიხილეს ასევე ერევანსა და ვაშინგტონს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმები.
„დევიდ ფოგელმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ურთიერთგაგების მემორანდუმების განხორციელებას, ასევე სომხეთ-აშშ-ს სავაჭრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და განვითარებას“, – წერს საელჩო.
ფორუმი




