აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებმა ნიადაგი მოამზადა ქვეყნის ლიდერების შეხვედრისთვის. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ ვაჭრობა, იშვიათი წიაღისეული, ფენტანილი, „ტიკტოკი“ და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა“, – განუცხადა ბესენტმა ჟურნალისტებს კუალა-ლუმპურში.
სახაზინო მდივანმა ქვეყნებს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები კონსტრუქციულად და ფართომასშტაბიანად შეაფასა და აღნიშნა, რომ დისკუსიების დროს ახალი ნიუანსი გამოჩნდა. მან აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმება სავარაუდოდ გაგრძელდება, თუმცა საბოლოო პასუხი დონალდ ტრამპზეა.
„ეს მეხუთე შეხვედრა იყო ჩემსა და ვიცე-პრემიერ ჰე ლიფენგს შორის, რომელიც დიდი პატივისცემით წარიმართა. ვფიქრობ, ამჯერად განსხვავებული ის იყო, რომ ეს ორ ლიდერთან შეხვედრისთვის მზადება იყო, ამიტომ, ჩვენ მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, შეგვექმნა მათთვის საფუძველი კორეაში წარმატებული შეხვედრისთვის, რაც, ვფიქრობ, ასეც იქნება“, – აღნიშნა მან.




