აშშ-სა და ევროპის 6 ქალაქში დამატებითი საარჩევნო უბნები იხსნება

ცესკოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის სთვის საზღვარგარეთ დამატებით ექვსი საარჩევნო უბანი იხსნება. საარჩევნო უბნები გაიხსნება: ამერიკის შეერთებულ შტატებში – ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ბერლინში; ესპანეთის სამეფოში – ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში – რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში – ათენსა და სალონიკში; საფრანგეთის რესპუბლიკაში – პარიზში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჯამში 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე შეეძლებათ ხმის მიცემა. განახლებული მონაცემებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ია.
საქართველოს პრეზიდენტი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, საარჩევნო უბანი გახსნას საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგშიც. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნაზე.