„ინტერპრესნიუსმა” საქართველოში ამერიკის ელჩთან, რობინ დანიგანთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობებზეა საუბარი.
როგორც ელჩი ამბობს აშშ საქართველოსთან პარტნიორობის ერთგულია და იმედოვნებს რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ გზას დაუბრუნდება.
კითხვას, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც ე.წ რუსულ კანონს უკავშირდება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ყველა ორმხრივი ურთიერთობის სრული გადახედვა იგეგმება, შეიძლება ეს ისე გავიგოთ, რომ აშშ-მა საქართველოს დახმარება შეწყვიტოს? – მან შემდეგნაირად უპასუხა:
“იმედი მაქვს, რომ ამ წერტილამდე არ მივალთ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ იმედი აქვთ ჩვენი ურთიერთობის ძველ რელსებზე დაბრუნების. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოები ვიყავით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავს ურთიერთობებს სრულად, კონკრეტული თანამშრომლობიდან დაწყებული, მათ შორის მხარდაჭერას ყველა სააგენტოს გავლით.
ევროკავშირმა წარმოადგინა ძალიან საინტერესო სტატისტიკა ინფოგრაფიკაში, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირის დახმარების ტოპ ათი მიმღები ხელისუფლების სამინისტროები ან სააგენტოებია, იმავენაირად ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების დიდი ნაწილი მიდის ან პირდაპირ ხელისუფლების სამინისტროების მხარდასაჭერად ან ხელისუფლების პოლიტიკის მხარდასაჭერად.
ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით, ჩვენ ვეხმარებით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებს, ვეხმარებით საავადმყოფოების თანამშრომლებს, დახმარებას ვუწევთ სკოლებს უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, დავეხმარეთ სასაზღვრო დაცვის შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, ჩვენ დავეხმარეთ საირიგაციო სისტემის შექმნაში. ეს არის პარტნიორობის უდიდესი ქსელი, რომელიც ამ ქვეყანაში შევქმენით და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყო, რომ სამწუხაროდ, მთელი ეს დახმარება რისკის ქვეშ დგას. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე ნათლად აღვნიშნეთ, რომ ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს” – განაცხადა რობინ დანიგანმა.
ipn.ge