აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მნიშვნელოვან პაკეტს 23 თებერვალს შემოიღებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
კირბიმ აღნიშნა, რომ სანქციების ახალი პაკეტი პარასკევს იქნება გამოცხადებული.
სანქციები პასუხად მოჰყვება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, რომლის დასაწყისიდანაც შაბათს 2 წელი იქნება გასული, და ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას.
კირბიმ ასევე მოუწოდა კონგრესის ქვედა პალატას – წარმომადგენელთა პალატას – მიიღოს ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი უსაფრთხოების პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარებასაც მოიცავს.
„ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რამ, რაც ახლა შეგვიძლია ვქნათ, რათა ვლადიმირ პუტინს გავცეთ პასუხი, არის, რა თქმა უნდა, ორპარტიული უსაფრთხოების კანონპროექტის მიღება და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც აგრძელებს მამაცურად ბრძოლას და საკუთარი ქვეყნის დაცვას“, – განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ბაიდენმა აქამდე განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას განიხილავს.