პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას თქმით, დონალდ ტრამპი პოლონეთიდან აშშ-ს სამხედროების გაყვანას არ განიხილავს. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან 10 წუთიანი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს 22 თებერვალს, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) ფარგლებში შეხვდნენ.
ამჟამად პოლონეთის სამხედრო ხარჯები მშპ-ს 4%-ზე მეტს შეადგენს, რაც ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
“ჩემთვის გზავნილი ნათელია: არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი, რომ აშშ-ს ჯარების ყოფნა პოლონეთში შემცირდება” – თქვა დუდამ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს დედაქალაქში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.
დუდას თქმით, “ტრამპმა პოლონეთი თავდაცვის ხარჯებისა და აშშ-სგან შესყიდვებისთვის შეაქო” და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო და ეკონომიკური კავშირები ძლიერდება.
ეს იყო ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გასული წლის აპრილში ნიუ-იორკში, ტრამპ თაუერში, დუდას უმასპინძლა. დუდა პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ტრამპმს მისი ინაუგურაციის შემდეგ პირადად შეხვდა.
დუდამ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი პოლონეთში ვიზიტს რამდენიმე თვეში გეგმავს, სამი ზღვის ინიციატივის შეხვედრაზე დასასწრებად, ან ჰააგაში დაგეგმილ მომავალ NATO-ს სამიტში მონაწილეობის ფარგლებში.
წყარო: ტაბულა
