ნავთობტანკერი ანატოლი კოლოდკინი
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ნედლი ნავთობით დატვირთულ რუსულ ტანკერს კუბაში შესვლის ნებას დართავს.
გამოცემა The New York Times აშშ-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ აშშ-ს სანაპირო დაცვა რუსულ ნავთობტანკერს, ანატოლი კოლოდკინს კუბაში შესვლის საშუალებას მისცემდა, რათა მოსახლეობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგი მიაწოდოს.
მოგვიანებით, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “თუ რომელიმე ქვეყანას ახლა კუბაში ნავთობის გაგზავნა სურს” მას ამასთან “არანაირი პრობლემა” არ აქვს, “იქნება ეს რუსეთი თუ არა.”
“ამას გავლენა არ ექნება. კუბა დასრულდა, მათ ცუდი რეჟიმი ჰყავთ, მათ ძალიან ცუდი და კორუმპირებული ხელისუფლება ჰყავთ და ნავთობით დატვირთულ გემს მიიღებენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ ექნება. მე მირჩევნია, შემოვუშვათ, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ვინმე, რადგან ხალხს სჭირდება გათბობა და გაგრილება და ყველა სხვა რამ, რაც საჭიროა,” – აღნიშნა მან.
NYT-ს ცნობით, 730 000 ბარელი ნავთობით დატვირთულმა ტანკერმა, ანატოლი კოლოდკინმა რუსეთის პრიმორსკის პორტი 9 მარტს დატოვა. მათივე ინფორმაციით, ტანკერი, სავარაუდოდ, 30 მარტის ღამეს მიაღწევს დანიშნულებას. აშშ-მ ტანკერი და მისი მფლობელი კომპანია Совкомфлот-ი 2024 წელს დაასანქცირა.
NYT-ს საკითხთან დაახლოებულმა პირებმა განუცხადეს, რომ ნავტობტანკერ ანატოლი კოლოდკინის მიერ მიწოდებული რუსული ნავთობი კუბას დაახლოებით 1 თვე ეყოფა.
კუბა სამი თვეა, რაც აშშ-ს ნავთობის ბლოკადის ქვეშ არის. ნავთობი მკაცრი პირობებით და ლიმიტირებული ოდენობით ეწოდება მხოლოდ კერძო სექტორს.
აშშ-ს მიერ ნავთობის ბლოკადის დაწესებიდან რამდენიმე კვირაში კუბაში ელექტროენერგია სრულიად გაითიშა. CNN-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროგადამცემმ ქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ კუბის ქსელის გათიშვის დროს მოქმედ ელექტრომოწყობილობებში არანაირი გაუმართაობა არ ყოფილა.
CNN-ის ცნობით, საწვავის ფასები იმდენად გაიზარდა, რომ არაოფიციალურ ბაზარზე ბენზინის ფასი ლიტრზე 9 დოლარამდე შეიძლება იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანის საწვავის ავზის შევსება 300 დოლარზე მეტი ჯდება, რაც კუბელების უმეტესობის წლიურ შემოსავალზე მეტია.
ცნობისთვის, 16 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის აღების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, კუბა დასასრულის წინაშეა. მთელი ჩემი ცხოვრება მესმოდა აშშ-სა და კუბაზე: როდის გააკეთებს აშშ ამას? მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი. ეს დიდი პატივია… კუბის აღება, დიახ. რაღაც ფორმით. კუბის აღება – გავათავისუფლებ მას, თუ ავიღებ. მგონია რასაც მინდა იმას გავუკეთებ. გინდათ სიმართლე გითხრათ? ახლა ძალიან დასუსტებული სახელმწიფოა. დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ. [ჰყავთ] ძალიან სასტიკი ლიდერები.” – თქვა ტრამპმა.
აქამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლებელი იყო “კუბის მეგობრული დაუფლება”.
აშშ-მ კუბაზე ზეწოლა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის შემდეგ გაზარდა. სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა კუნძულზე კრიზისის გამწვავება. კუბა დამოკიდებული იყო ვენესუელურ ნავთობზე. კუბელი ამერიკელი აქტივისტები, ცვლილების იმედით, ტრამპს ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებდნენ.