G7-ის ფორმატში აშშ-მ ვეტო დაადო კანადის წინადადებას სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საწინააღმდეგოდ მიიღებდა ზომებს. სამუშაო ჯგუფის მოვალეობებიდან ერთ-ერთი რუსული ნავთობტანკერების მიერ დასავლური სანქციების დარღვევების მონიტორინგი იქნებოდა. ინფორმაციას Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანადა, რომელიც მიმდინარე წელს G7-ის გარდამავალი პრეზიდენტობის პოზიციას იკავებს, კვებეკში უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს უმასპინძლებს.
შეხვედრაზე ფორმატის წევრი ქვეყნების უმაღლესი დიპლომატები საზღვაო საკითხებზე ერთობლივ განცხადებას ჩამოაყალიბებენ. როგორც Bloomberg წერს, აშშ შეეცდება განცხადება ჩინეთის მიმართ უფრო ხისტი იყოს, ხოლო რუსეთის მიმართ შედარებით მსუბუქი ლექსიკა იქნას გამოყენებული.
ტერმინი “ჩრდილოვანი ფლოტი” აღწერს ნავთობის მოძველებულ რუსულ ტანკერებს, რომლებიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ “ინიღბებიან”, რათა მოსკოვმა გვერდი აუაროს სანქციებს, რომლებიც დასავლურმა ქვეყნებმა 2022 წლიდან დღემდე უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესეს. ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი სანქცირებული რუსული ნავთობის კონტრაბანდულ ტრანზიტშია ჩართული.
კანადის წინადადებაზე ვეტოს დადებასთან ერთად, G7-ის განცხადების წინასწარი ვერსია, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა, აჩვენებს, რომ აშშ-მ ძალისხმევით ვერსიიდან ამოღებულ იქნა სიტყვა “სანქციები” და ამასთან ფრაზა “რუსეთის შესაძლებლობა, გააგრძელოს ომი” უკრაინაში ჩანაცვლდა ფრაზით “გამოიმუშავოს შემოსავალი”.
საზღვაო უსაფრთხოების საკითხის ნაწილში, როგორც Bloomberg წერს, აშშ-ს ძალისხმევით პირდაპირაა მოხსენიებული ჩინეთი და ასევე რისკი, რომელსაც პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საკუთარი “ტერიტორიული პრეტენზიების აღსრულებითა” და საჰაერო მანევრირებებით “ადამიანების სიცოცხლესა და კეთილდღეობას” უქმნის.
G7-ის განცხადებები არ არის საბოლოო, სანამ ისინი წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემდეგ არ გამოქვეყნდება. როგორც გამოცემა წერს, სამიტამდე ან სამიტის განმავლობაში აღნიშნული განცხადების შინაარსი და ფორმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
თუმცა აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ბოლო ხანებში განსაკუთრებით დაიძაბა. მაგალითად, გასულ თვეში G7-ის წევრებმა უთანხმოების გამო ვერ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წლის თავს შეეხებოდა. მიზეზი აშშ-ს მიერ განცხადებაში რუსეთის მკაცრ დაგმობასა და მისთვის “აგრესორის” წოდებაზე უარის თქმა გახდა, რაც ფორმატის წევრ სხვა ქვეყნებს სურდათ, როგორც გასული 2 წლის ერთობლივ განცხადებებში.
მაგალითისთვის, რუსეთის აგრესია G7-ის გასული წლის განცხადებაში 5-ჯერ იყო ნახსენები.
ამასთან, ტრამპის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვდა, შერბილებულიყო ენობრივი ფორმები და აღწერილიყო ომი, როგორც “უკრაინის კონფლიქტი”, რაც Financial Times-ის შეფასებით, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავდა.
წყარო: ტაბულა
