ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სამიზნე ჰუსიტების სარადარო სისტემები იყო. მათივე თქმით, მართვადი რაკეტების გამანადგურებელმა Carney-მა Tomahawk-ის ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანა დაჯგუფების წინააღმდეგ. თავდასხმის მიზანი კი იყო ის, რომ ჰუსიტებმა საზღვაო, მათ შორის კომერციულ გემებზე თავდასხმა ვეღარ შეძლონ.
გასულ დღეს ჰუსიტების სატელევიზიო არხი ალ-მასირა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იემენის დედაქალაქ სანას უტევდნენ.
ამასთან, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩევლის ჯონ კიბრის თქმით, აშშ არ არის დაინტერესებული იემენთან ომით.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოჰყვა თუ არა განხორციელებულ იერიშებს ეკონომიკური რყევები, კირბის პასუხი იყო: არა. მისივე თქმით, აშშ-ს ყველა ქმედების მიზანი სიტუაციის დეესკალაციაა.
როგორც კირბიმ აღნიშნა, თეთრი სახლი ჰუსიტებს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. მისივე თქმით, აშშ რეგიონში სამხედრო მოქმედებებს არ განიხილავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს.
12 იანვარს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.
ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.
წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.