Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, აშშ-ს მიერ ახლახან გაუქმებული საგარეო დახმარების სულ მცირე ექვსი პროგრამა აღადგინოს, რომლებიც საგანგებო საკვების მომარაგების უზრუნველყოფას მოიცავს.
გამოცემის წყაროების მიხედვით, ადმინისტრაციამ ასევე აღადგინა დაფინანსება ოთხი პროგრამისთვის, რომელსაც წყნარი ოკეანის რეგიონში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ატარებს.
გამოცემის წყაროების თანახმად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ, ჯერემი ლევინმა შიდა ელფოსტით თანამშრომლებს მოუწოდა, რამდენიმე პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილება შეეჩერებინათ. ლევინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის (WFP) აშშ-ს გრანტების აღდგენაზე, კერძოდ ლიბანში, სირიაში, სომალში, იორდანიაში, ერაყსა და ეკვადორში.
“მაპატიეთ, დაფინანსებასთან დაკავშირებული ამდენი ქაოსური ცვლილება. ამ პროცესში ბევრი მხარეა ჩართული და უკეთ უნდა შევძლოთ ამ ინტერესების დაბალანსება – ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩემ თავზე ვიღებ,” – ეწერა ლევინის მიერ გაგზავნილ მეილში.
7 აპრილს ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის ავღანეთისთვის, იემენისთვის, სომალსა და სირიისთვის კრიტიკული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროგრამები შეაჩერა. ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია Stand Up For Aid-ის ინფორმაციით, გასულ შაბათ-კვირას ლევინმა ლიბანში, სირიაში, სომალსა და იორდანიაში მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) კონტრაქტების გაუქმების ბრძანება გასცა. პროგრამების ჯამური ღირებულება კი 463 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა.
ვრცლად: tabula.ge
