ამერიკის შეერთებული შტატები იემენელ ჰუსიტებზე საჰაერო იერიშების მიტანას განაგრძობს.
აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 16 იანვარს, იემენის დროით დაახლოებით 13:45 საათზე, ირანის მარიონეტულმა ჰუსიტების დაჯგუფებამ, იემენში მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, წითელი ზღვის სამხრეთისკენ ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ისროლეს.
პასუხად, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჰუსიტების ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტების გამშვებ ოთხ პუნქტს დაარტყეს და გაანადგურეს.
მალტის დროშის ქვეშ მცურავი ბალკერის Zografia-ს ცნობით, რაკეტა გემს მოხვდა, თუმცა, ცურვის გაგრძელებას შეძლებდნენ. ინციდენტის შედეგად გემზე არავინ დაშავებულა.
ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.
წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.
12 იანვარს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.
გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს, 10 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუსიტებს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ოთხმა ქვეყანამ: რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა, მხარი კი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა.
ამასთან, იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ჰუსიტებზე მოკავშირეების იერიში დაგმო და “სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიად” მოიხსენია.