აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე ახალი იერიშები მიიტანა.
პენტაგონის ერთობლივი განცხადების მიხედვით, მათ იერიში მიიტანეს 8 სამიზნეზე, მათ შორის მიწისქვეშა საწყობებზე, ასევე ჰუსიტების სარაკეტო და სადაზვერვო საშუალებებზე.
განცხადებაში ხაზგასმულია და მხარეები ჰუსიტებს აფრთხილებენ, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი უკან არ დაიხევენ, როცა საქმე ეხება დიდი მნიშვნელობის მქონე წყლებში სიცოცხლისა და თავისუფალი სავაჭრო მიმოსვლის დაცვას.
ეს იემენში ბოლო ესკალაციის შემდეგ აშშ-ს მერვე იერიში და ბრიტანეთთან ერთად შესრულებული მეორე მისიაა. პირველი ერთობლივი დარტყმები ლონდონმა და ვაშინგტონმა 11 იანვარს მიიტანეს.
განცხადების მიხედვით, იერიშები მიიტანეს ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების დახმარებით.
იერიშებისთვის აშშ-მ და ბრიტანეთმა გამოიყენეს ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები რაკეტები, ასევე ავიაგამანადგურებლებიც.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათმა Typhoon-ის ტიპის ოთხმა გამანადგურებელმა იერიშები მიიტანა სანაას აეროდრომის მიმდებარედ განთავსებული ორი სამხედრო ობიექტის სამიზნეებზე. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გრანტ შეპსის თქმით, დარტყმების მიზანი ჰუსიტების ლიმიტირებული საბრძოლო საშუალებების კიდევ უფრო შემცირება იყო.
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ოპერაციის ფარგლებში გამოიყენეს 25-30 ცალი საბრძოლო მასალა.
აქამდე, 10 დღის წინ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ხომალდებმა და ავიაგამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ჰუსიტების 28 სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე 60 სამიზნეზე.
ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს, რომლებიც დედაქალაქის ჩათვლით იემენის ნაწილს აკონტროლებენ, პერიოდულად მიჰქონდათ იერიშები სავაჭრო გემებზე, რომლებიც წითელ ზღვაში გადაადგილდებოდნენ. მათი გააქტიურება ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა.