ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.
დარტყმები უკვე განხორციელდა დედაქალაქ სანასა და წითელ ზღვაზე ჰუსიტების დასაყრდენ პორტზე, ჰოდეიდაზე.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს ანონიმურობის დაცვით უთხრეს, რომ თავდასხმის შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება.
ითვლება, რომ 2016 წლის შემდეგ ეს არის აშშ-ს მიერ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებული პირველი დარტყმა.
თავდასხმის დაწყება დაადასტურა ჰუსიტების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბდულ ქადერ ალ-მორტადამაც.
“ამერიკულ-სიონისტურ-ბრიტანულმა აგრესიამ იემენის წინააღმდეგ წამოიწყო რამდენიმე რეიდი დედაქალაქ სანაზე, ჰოდეიდას გუბერნიაზე, საადასა და დამარზე”. – წერს ალ-მორტადამი X-ზე.
ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.
წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.